გიორგი ვაშაძის პარტიიდან თელავის მერობის კანდიდატი თამარ ლამაზოშვილი იქნება
ლამაზოშვილი აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თელაველების პრობლემების მოგვარებაზე და მათი ცხოვრების დონის გამჯობესებაზე იზრუნებს.
,,ჩემი წინასაარჩევნო კამპანია იქნება სრულიად განსხვავებული იმისგან, რასაც პარტიებისგან ვართ მიჩვეულნი. მაქვს სურვილი ვიყო ის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს თელაველების უფლებებს. გვაქვს ძალიან საინტერესო საარჩევნო პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილი ეთმობა ბიუროკრატიის მაქსიმალურ შემცირებას. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვგეგმავთ მუნიციპალიტეტების გაუქმებას და მათ ჩანაცვლებას მუნიციპალური იუსტიციის სახლებით, სადაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება კომფორტული გარემო შექმნილი, რათა რეალური პრობლემების გადაჭრაზე ვიმუშაოთ. ეს არის ინოვაციური იდეა, რომლის განხორციელების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იქნება მოქალაქის ინტერესებზე მორგებული. თელავში უამრავი პრობლემაა, რომელიც საჭიროებს კომპლექსური გადაჭრის გზების მოძიებას, ეს იქნება ინფრასტრუქტურული პრობლემები თუ თელავის როლის გაზრდა. თელავი უნდა გახდეს ფესტივალების ცენტრი, ამისი უამრავი რესურსი არსებობს და განხორციელებას სჭირდება მხოლოდ კარგი მენეჯმენტი’’, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ლამაზოშვილმა.
თამარ ლამაზოშვილი 2007–2010 წლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოხალისე იყო, 2014-2015 წლებში მუშაობდა იუსტიციის სახლში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2016 წლიდან შეუერთდა გიორგი ვაშაძის პარტია “ახალ საქართველოს” და გახდა აღმოსავლეთ საქართველოს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. ლამაზოშვილი, ასევე, არის თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული და ბლოგერი.