სოფელ ვანთაში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს
შემთხვევა გუშინ გვიან ღამე მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც knews.ge-ს დაშავებულის ახლობლებმა განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავესა და დაზარალებულს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ისინი ურთიერთშელაპარაკების მიზეზად წარსულში არსებულ კონფლიქტს ასახელებენ.
როგორც knews.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია ბრალდებულის ვინაობაც და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.