ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი იყალთოში (R)
მასში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები და სომელიეები.
ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდაჭერები იყვნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია „ქართული ღვინო“ და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის თქმით, სიმპოზიუმი მნიშვნელოვანია მეღვინე-მეწარმეებისათვის და მათი საქმის პოპულარიზაციისთვის.
„2011 წლიდან მოყოლებული ერთი წლის გამოშვებით ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო სომპოზიური, სადაც ქართველებთან ერთად, უცხოელებიც იღებენ მონაწილეობას. წლევანდელი სიმპოზიუმი იმითაა გამორჩეული, რომ პირველად გაიმართა ქვევრის ღვინის კონკურსი. ვიმედოვნებ, მომავალში ასეთმა მიდგომამ, შეიძლება შექმნას საფუძველი, რომ სიმპოზიუმი და ქვევრის ღვინის კონკურსი, ევროპის ცნობილ მეღვინე ქვეყნებშიც ჩატარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თემისთვის, მეღვინე-მეწარმეებისთვის და მეთუნე-მექვევრეებისთვის.“
სიმპოზიუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი, მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და უცხოელი მეღვინეები. ასოციაცია „ქართული ღვინის“ დირექტორის თინა კეზელის განმარტებით, ღვინოები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი, ბორდოში გაიგზავნება.
„პირველმა სიმპოზიუმმა შედეგად მოიტანა ის, რომ ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი აღიარებულ იქნა იუნესკოს მიერ. ამის შედეგია ისიც, რომ ბორდოში მიმდინარეობს საქართველოს გამოფენა სახელწოდებით – „საქართველო – ღვინის აკვანი“. კონკურსში გამარჯვებული ღვინოები გაიგზავნება ბორდოში დეგუსტაციაზე, სადაც ქართული ღვინის კულტურას ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი წარადგენს. საგამოფენო სივრცეში 4 თვის განმავლობაში მუდმივად ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება: სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაციები, რომლებსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები წარუძღვებიან. “
დეგუსტაციაში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილიც იღებდა მონაწილეობას. როგორც მან აღნიშნა, ბევრი კარგი ნიმუში იყო წარმოდგენილი.
გიორგი სამანიშვილმა ბორდოში მიმდინარე გამოფენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მყარად და საბოლოოდ დაიმკვიდროს მსოფლიოში ადგილი, როგორც ღვინის ცივილიზაციის უძველესმა ქვეყანამ და მსოფლიო მეღვინეობის აკვანმა.
„სიმპოზიუმზე განიხილეს, ის სტრატეგია და მიმართულებები, როგორ უნდა განვითარდეს ქვევრის ღვინო. მოგეხსენებათ, ქვევრის ღვინო მარტო კახეთში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით იწარმოება. ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდამ განაპირობა ის, რომ საფრანგეთში ბორდოში, ანუ ფაქტობრივად მეღვინეობის დედაქალაქში, ყველაზე მნიშვნელოვან ღვინის მუზეუმში, პირველი მიწვეული უცხო ქვეყანა საქართველოა. იქ ყოველდღიურად რამდენიმე ასეული სტუმარი ეცნობა ინფორმაციას ქართული მეღვინეობის შესახებ. გამოფენა 31 ივლისს გაიხსნა და მანპინძლების თხოვნით, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. “
ორი დღის განმავლობაში პროფესიონალებმა 150 ღვინის ქართული და უცხოური ნიმუში დააგემოვნეს. 150 ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20- მა ვერცხლის და ოცდაცხრამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.