ლაგოდეხში ბრაკონიერმა გარემოს დამცველებს ბენზოხერხით გაუწია წინააღმდეგობა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. როგორც knews.ge-ს გარემოს დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, მოქალაქე, ბენზოხერხის გამოყენებით, ჭალის მუხის სახეობის ხეებს უკანონოდ ჭრიდა. მათივე ცნობით, თანამშრომლებმა მოქალაქეს ხე-ტყის მოპოვების სათანადო დოკუმენტაცია მოსთხოვეს, რის შემდეგაც მოქალაქემ მათ ჩართული ბენზოხერხის საშუალებით წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ დაემორჩილა ხეების ჭრის შეჩერების მოთხოვნას. „შემთხვევის ადგილზე გამოვიძახეთ შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც სამართალდამრღვევი ლაგოდეხის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პირის მხრიდან მსგავსი სამართალდარღვევის ფაქტები ხშირია – 2013 წლიდან დღემდე, მის მიმართ შედგენილია 17 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით და საერთო ჯამში, ჯარიმისა და გარემოზე მიყენებული ზიანის სახით, მას დაკისრებული აქვს 12 000 ლარი“, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოს დაცვის სამინისტროში.