ახალი ამბები

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნებს კახეთში დააკვირდება

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კახეთში, საგარეჯოს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; და, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში დააკვირდებიან. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მონიტორინგის გზით შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას. 
„მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან. დარღვევების თაობაზე მომზადებულ საჩივრები მომზადდება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსთვის. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე“, – აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“. 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობით, საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
„არჩევნების შემდეგ საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ“, – განაცხადეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით განახორციელებს.