ახალი ამბები

რადიო ჰერეთს 19 წელი შეუსრულდა

ორგანიზაციის დირექტორის, რამაზ სამხარაძეს განცხადებით, ჰერეთი უკვე 3 რადიოსადგურს ფლობს და ყოველდღიურად ცდილობს, რომ განვითარდეს. 

,,ქალაქ ლაგოდეხიდან კახეთის რეგიონსა და აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში რადიო ჰერეთი FM102.8, დედაქალაქსა და მის შემოგარენში რადიო თბილისი FM93.5, რომელიც გასული წლის 1 სექტემბერს გაეშვა სამაუწყებლო სივრცეში. 19 წლის წინ დიდ ფუსფუსში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები. დიდი იდეა გვქონდა წინ – რადიო უნდა გაგვეკეთებინა. ამ ხნის მანძილზე ბევრი წარმატება და იმედგაცრუება მქონდა, თუმცა ყველაზე მთავარია – იშვიათი და უნიჭიერესი ადამიანები გავიცანი, სამსახურში ავიყვანეთ აბსოლუტურად გამოუცდელი ადგილობრივი ბავშვები და რადიო ვასწავლეთ. ბევრი ვიშრომე, ყველამ ერთად მოვინდომეთ ამ ხნის მანძილზე და რაც მთავარია შედგა. რთული გზა იყო, დღეს ჰერეთი წარმატებული ბრენდია. 2007 წლიდან ჩვენი იდეა, თბილისშიც ვყოფილიყავით 8 წლიანი ბრძოლის შემდეგ განვახორციელეთ და 2015 წელს მაუწყებლობის უფლება დედაქალაქშიც მოვიპოვეთ. 1 სექტემბერს რადიო თბილისიც გაეშვა FM93.5-ზე, წელს კი ინტერნეტრადიო “რელაქსიც” გავუშვით. ჰერეთი 3 რადიოსადგურით ცდილობს უფრო განვითარდეს, ამჯერად ბათუმისკენაც. რადიო ჰერეთი 19 წლისაა. ყველა თანამშრომელს, ყოფილსა თუ ახალს, ყველა ჩვენს მსმენელს გილოცავთ”, – წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე რამაზ სამხარაძე.

,,კახეთის ხმის” რედაქცია სამაუწყებლო კომპანია ,,ჰერეთს“ ულოცავს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს.

 

ფოტო: რამაზ სამხარაძე