სტატიები

სიმინდის სილოსი – პირუტყვის კვების თანამედროვე მეთოდი

ახალი სისტემის შემადგენელი ნაწილია კვების რაციონში სიმინდის სილოსის შეტანა, რომელიც ფერმერებს დამატებითი დროის და დანახარჯების გარეშე მაღალკალორიული პროდუქტით პირუტყვის გამოკვების საშუალებას მისცემს.

ფერმერები მიუთითებენ, რომ მცირე ფართობის მიწის ნაკვეთზე შესაძლოა სასილოსე მასალის იმ რაოდენობის მიღება, რომლის გადამუშავებისას წლის განმავლობაში პირუტყვის თავისუფლად გამოკვებას შეძლებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა მიხეილ მათიაშვილმა 3 ჰექტარ მიწის სადემონსტრაციო ნაკვეთზე 100 000 ცალი „ქართული კრუგი“-ს სასილოსე სიმინდის მარცვალი დათესა, რომლის სავარაუდო მოსავლიანობა 30 ტონამდეა.
ფერმერი, რომელიც რძის გადამამუშავებელ მცირე საწარმოს, მეცხოველეობის ფერმას და სიმინდის ყანებს ფლობს, ამბობს, რომ სილოსის წარმოება მისთვის მომგებიანია და კევბის ეს თანამედროვე მეთოდი პირუტყვის პროდუქტიულობას 30%–ით ზრდის. 
,,3 ჰექტარ ფართობზე, სადემონსტრაციო ნაკვეთში, სასილოსედ სიმინდი გვაქვს დათესილი. უკვე დაწყებული გვაქვს მოსავლის აღება, რადგან მცენარეში ტენიანობა 60–70 %–ია, რაც სილოსის მომზადებას სჭირდება. მომზადებამდე რამდენიმე პროცედურის გავლაა საჭირო. პირველ რიგში აუცილებელია მისი აღება სპეციალური აგრეგატის საშუალებით, რომელიც ჭრის და 5 სანტიმეტრამდე აქუცმაცებს მცენარეს. ამის შემდეგ ის სასილოსედ მზადდება. არსებობს დასილოსების რამდენიმე წესი: ჩვენ პროდუქტს ვამზადებთ მყარ ზედაპირზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ვყრით და შემდეგ მძიმე ტექნიკის საშუალებით ვტკეპნით, რათა ჟანგბადი მაქსიმალურად გამოიდევნოს. მისი შენახვის მეთოდებიც სხვადასხვაა. შეიძლება პარკში შეინახოს, სპეციალურად მოწყობილ ორმოში ან ბუნკერში. შემდეგ ეს იხურება ჰერმეტულად და მიმდინარეობს მისი დუღილის და დასილოსების პროცესი. სილოსის კვებითი ღირებულება და ყუათიანობა მაღალია, რადგან ის შეიცავს 0,27 საკვებ ერთეულს, ასევე სხვადასხვა მინერალს და ვიტამინს. მისი მიღება შესაძლებელია მეხორცული და მერძეული მსხვილფეხა პირუტყვისთვის. ამ საკვების მიღება პროდუქტიულობას 30% –ით ზრდის. ჩვენ შეგვიძლია სილოსი პირუტყვს, მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, მივაწოდოთ. ცხელი ზაფხულის დროს, როდესაც აღარ არის საძოვრებზე ბალახი, სილოსი არის ალტერნატიული საკვები, რომელიც სტაბილურად შეგვიძლია მივცეთ პირუტყვს.მე ასევე 2013 წლიდან მაქვს რძის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გავხსენი და გავაფართოვე და უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებ პროექტ ,,მოლი კახეთში“ დახმარებით. ამ ეტაპზე ვაწარმოებ 12 სახეობის ყველს და მაწონს. მაქვს ასევე მეცხოველეობის მცირე ფერმა’’– განუცხადა Knews.ge-ს მიხეილ მათიაშვილმა.
მისი ტკიცებით, სილოსის წარმოება ფერმერებს ფინანსური სახსრების დაზოგვის საშუალებას მისცემს. მიხეილ მათიაშვილს სოფელში მცხოვრებ ფერმერებთან შეთანხმება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, ის მათ წარმოებულ სილოსს აწვდის, სანაცვლოდ კი გარკვეული რაოდენობის რძეს იღებს. 
,,შარშან პროექტ ,,მოლი კახეთში“ დახმარებით შევიძინეთ სპეციალური აგრეგატი, სწორედ ეს დაგვეხმარა აღნიშნული წარმოების დაწყებაში. მეც ჩემი მხრივ ფერმერებს დახმარებას ვუწევ, მუდმივად ვთანამშრომლობ ფერმერებთან, ვაწვდი მათ სილოსს და ისინი სანაცვლოსდ მაძლევენ რძეს. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი საქონელი საკვებით იქნება უზრუნველყოფილი და სანაცვლოდ მეც ვიღებ სარგებელს’’.
სილოსის მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის ,,მოლი კახეთში“ საკვებწარმოების ხელმძღვანელიც და ფერმერებს ამ პროდუქტის წარმოების დაწყებისკენ მოუწოდებს. პავლე კეღოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მეთოდით პირუტყვის გამოკვება ფერმერს შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. 
,,საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ შვეიცარიის მთავრობის ფაფინანსებით უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება მეცხოველეობის დარგის განვითარებას რეგიონში. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ფერმერებს განვითარებაში. მცირე ტექნიკის შეძენით, როგორიც მიხეილ მათიაშვილს შევუძინეთ, შესაძლებელი გახდა მცირე ფართობზე სილოსის მოყვანა, რომ მას ჰქონდეს პირუტყვისთვის უკეთესი საკვები, მაღალი შემოსავალი და მეტი მოგება. 1 კგ სილოსის დამუშავება ჯდება 4 თეთრნახევარი. დღეში პირუტყვს ეძლევა დაახლოებით 20 კილოგრამი სილოსი, რაც 3–დან 5 ლიტრამდე რძის მატებას იძლევა. ჯიშიან პირუტყვში გაცილებით მეტია მატება. შესაბამისად დღეში ერთი პირუტყვის გამოკვება ჯდება 80–90 თეთრი, ზამთარში კი, როცა რძე ძვირია, ფერმერი ერთი სული ძროხისგან 4 ლარამდე დამატებით შემოსავალს იღებს. ის, ასევე, კარგია მეხორცული პირუტყვის საკვებად, მიიღება მაღალი წონა/მატი და კარგი ხორცი. სილოსის დამზადების ტრადიცია დაახლოებით 30 წლის წინ საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ფერმერებს, მაგრამ წლების მერე სათანადო ტექნიკის განადგურების და მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემაა მოსავლის ამღები ტექნიკის არარსებობა. შესაბამისი ერთეული ტექნიკა აქვს შპს ,,მექანიზატორს“, რომელიც არის ძირითადად დედოფლისწყაროში და არ არის სხვა მუნიციპალიტეტში’’,– განუცხადა Knews.ge-ს პავლე კეღოშვილმა.
მისი აზრით, სოფლის მეურნეობის ამ მიმართულების განვითარებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია რეგიონში დამატებითი ტექნიკის შემოყვანა.