სოფელ იორმუღანლოში ფილმის ჩვენება გაიმართა
თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი “მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება.
,,ომის შემდეგ, სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლები იგებენ, რომ ახლად ჩამოყალიბებული, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ცხოვრობენ. ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა, სანამ რუსეთმა საზღვარზე მავთულხლართების გავლება არ გადაწყვიტა”, – განუცხადა knews.ge-ს CineDOC Tbilisi-ის რეგიონულმა კოორდინატორმა, ელვინ ქარიმოვმა.
მისივე თქმით, ფილმის ჩვენება იორმუღანლოს თემისთვის მნიშნელოვანი იყო, რომელსაც სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.
,,ეს იყო ჩემ მიერ ორგანიზებული პირველი შეხვედრა, ძალიან ვნერვულებდი, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს სოფელში პირველად მე ჩავატარე ფილმის ჩვენება”, – აღნიშნავს ქარიმოვი.
სამომავლოდ ფილმების ჩვენება გაგრძელდება. ღონისძიების პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთი”.