თელავის უნივერსიტეტი ევროკომისიის ორ პროექტში ჩაერთვება
როგორც knews.ge–ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, თამარ ასლანიშვილმა განუცხადა, თესაუ პროექტებში პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. მისივე ინფორმაციით, პროექტების განხოციელება, მათი ხელმოწერისთანავე, მიმდინარე წელს დაიწყება.
„ერთი პროექტის მიზანი იქნება პლაგიატთან ბრძოლა. ჩვენთვის შეადგენენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამოავლენს პლაგიატს. ამ პროექტში კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეორე პროექტი კი სწავლების მეთოდოლიგიის მიმართულებით განხორციელდება. მისი მიზანი იქნება, რომ სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური გახდეს“, – განუცხადა knews.ge–ს თამარ ასლანიშვილმა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის წარმატებული პროექტების სიის მიხედვით, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით, წელს 5 პროექტი დაფინანსდა. 2016 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით, თესაუ საქართველოს 39 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის მე-6 ადგილს იკავებს.