სტატიები

კახეთში ღვინის კომაპნიებმა შესაძლოა, ხვანჭკარას წარმოება შეწყვიტონ

,,სექტემბერში შეიქმნება „ხვანჭკარის“ ბრენდის კომერციალიზაციისთვის ასოციაცია, რომლის შექმნაც სოფლის მეურნეობის სამინისტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქპატენტის ერთობლივი პროექტია”, – აღნიშნა „რთველი 2017“-ის მზადების ფარგლებში მეღვინეებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, წარმოების რაჭაში გადატანისთვის გონივრული ვადა განისაზღვრა. 
,,დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ ღვინის სპეციფიკაციაში შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები. 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი დაიწყება უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვადას, რომ 2019 წლისთვის დაიჭირონ თადარიგი”, – განაცხადა მინისტრმა.
კახეთის რეგიონში მოქმედი ღვინის კომპანიების ნაწილისთვის ახალი გადაწყვეტილება შესაძლოა, ხვანჭკარას წარმოების შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
,,ამ პერიოდში რაჭაში საწარმოს აშენება რთული იქნება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ გვაქვს მიღებული, მაგრამ სავარაუდოდ, ღვინის ამ ბრენდის წარმოებას შევწყვეტთ”, – განუცხადა knews.ge-ს კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზურაბ რამაზაშვილმა. 
„კახური ტრადიციული მეღვინეობის” დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე კი აცხადებს, რომ ახალი რეგულაციებისთვის მზად არიან და არც საწარმოო პროცესს შეაჩერებენ.
,,ცვლილებების შედეგად „ხვანჭკარის“ მეტი ვენახი გაშენდება. სამომავლოდ ამ მიმართულებას განვავითარებთ. „ხვანჭკარის“ წარმოებას რაჭაში დავიწყებთ“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ზურაბ ჩხაიძემ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა.