თუშეთში მეცხვარის დღე აღინიშნება
როგორც knews.ge–ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამეგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ღონისძიების მიზანი თუშეთის პოპულარობის გაზრდა, რეგიონში ეკო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაა.
ვიზიტორთა ცენტრის პარკში ქართველ და უცხოელ ვიზიტორებს თუშური ტრადიციების და წესჩვეულებების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. დღესვე გაიმართება დოღი და სხვადასხვა სახის სპორტულ-კულტურული ღონისძიება – მშვილდოსნობა, ბაგირის გადაწევა, ნაბადზე ხტომა და დოღი. ღონისძიებები 21:00 საათზე ფრანების გაშვებით დასრულდება.
,,ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მეცხვარეობის ტრადიციული საქმიანობის ჩვენება, ცხვრის პარსვა, ყველის ამოყვანა, მატყლის დართვა, ქსოვა, თუშური ნაგაზისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად მოწყობილ ფაცხაში, თუშური კერძები მოამზადონ და ამავე დროს დააგემოვნონ ხავიწი, გორდილა, კოტორი, ქუმელი, გუდის ყველი და ხინკალი”, – განუცხადა knews.ge–ს ბექა ბაიდაურმა.
დღის ბოლოს ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მიწვეული შემსრულებლები.