ახალი ამბები

ქარხნები რქაწითელსა და კახურ მწვანეს 70 თეთრად ჩაიბარებენ

როგორც knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბი გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება. შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. 
,,წლევანდელი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად აქტიურად ვიმუშავებთ. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია და ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. ყურძნის რეალიზაციისთვის ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.