საქპატენტმა ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა
,,თავიანი ხახვის ჯიში ”საშემოდგომოს’’ მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 39,6 ტონაა, ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 180 გრამიან ბოლქვს ივითარებს. მისი გამოყენება შეიძლება ადრე გაზაფხულზე მწვანილის და ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით.
საქპატენტში, ასევე, დავარეგისტრირეთ ნივრის ჯიში ”ხანდოც”. მისი მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 12–დან 14 ტონამდე მერყეობს. ის ივითარებს მსხვილ, მკვრივ, 6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გრამიან ბოლქვს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და გამორჩევის მეთოდით არის მიღებული.
განსაკუთრებულია კარტოფილის ახალი ჯიში ”დიკო”, რომელის ერთ ჰექტარზე 20-22 ტონა მოსავალს იძლევა. ახალი ჯიში ერთ ძირზე ივითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220 გრამიან ოვალურ-წაგრძელებულ, თხელ მოყვითელო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი კონსისტენციის ტუბერებს”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.
რეგისტრირებულმა ახალმა ჯიშებმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.