სოფლებში შესაძლოა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდეს
,,სოფლებში აქამდე გარკვეული საქმე მაინც კეთდებოდა. წყლის პრობლემა გარკვეულწილად მოწესრიგდა, ზოგ სოფლებში ახალგაზრდებისთვის გაკეთდა მოედნები, გარეგანათება დამონტაჟდა, დაიდგა ნაგვის ურნები და სხვა. ამის შემდეგ ვინ რას მიხედავს. მეც და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ბიუჯეტები როცა გაერთიანდება, სოფლების პრობლემები პრიორიტეტი აღარ იქნება. ხალხისთვის არავის უკითხავს გვინდოდა თუ არა გაერთიანებულიყო ბიუჯეტები, არც შეხვედრები ჩატარებულა ამ თემაზე”, – აცხადებს სოფელ კისისხევის მცხოვრები გივი მურელაშვილი.
საპირისპიროს ამტკიცებს თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი. იგი knew.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რეფორმის შედეგად სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერდება.
,,ამ დრომდე არ გაჩერებულა არცერთი პროექტი, ვფიქრობ, არც ამის შემდეგ მოხდება ეს. მიმაჩნია, რომ ოპტიმიზაციის შემდეგ სოფლებში განსახორციელებელ პროექტებს თანხები არ მოაკლდება და დაიხარჯება იმდენი, რამდენიც იქნება საჭირო”, – აღნიშნავს გიორგობიანი.
მისივე თქმით, სოფლებში შეიქმნება სპეციალური საბჭოები, სადაც დაასახელებენ სოფლის რწმუნებულის კანდიდატურას, რომელსაც შემდეგ აირჩევენ.
,,საკრებულოში სიფლებიდან დეპუტატების არცთუ მცირე რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. ესეც ერთ–ერთი ფაქტორია, რაც გამორიცხავს სოფლებში მიმდინარე პროექტების გაჩერებას”, – ამბობს თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე.
დეცენტრალიზებული მმართველობის მკვეთრად დასუსტებაში დარწმუნებულია მესამე სექტორი. კოტე კანდელაკი აღნიშნავს, რომ ქალაქსა და თემშიც განხორციელდება გაცილებით ნაკლები პროექტი, რაც ნეგატიურად აისახება მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.
,,ქალაქსა და სოფლებში მნიშვნელოვნად შეფერხდება პროექტების განხორციელება. თელავის მერიის გაუქმების შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ქალაქისა და სოფლის განვითარებისათვის თანაბარი თანხის გამოყოფა“, – განუცხადა knews.ge–ს კოტე კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.
მთავრობა კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებათა მეორე პაკეტის განხილვას პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.