სტატიები

ართანაში წარმოებული ბიჭების მარნის ბიოღვინო ამერიკაში იყიდება

ქალაქ თბილისში მცხოვრებმა სამმა მეგობარი 2013 წელს ბუნების წიაღში ცხოვრება გადაწყვიტა და საკუთარი მეურნეობა შექმნა. თავდაპირველად თელავის მუნიციპალიტეტისდ სოფელ წინანდალში რქაწითელის ვენახი და ატმის ბაღი შეიძინეს. 2016 წელს კი ართანაში მეგობართან სტუმრობის შემდეგ გადაწყვიტეს ეყიდათ სახლი და ღვინის მცირე საწარმო „ბიჭების მარანი“ დაეფუძნებინათ. ამჟამად მათ სოფელ ართანაში ორ ჰექტარზე აქვთ გაშენებული რქაწითელის ვენახი. 
„ბავშვობის სამ მეგობარს გვქონდა ინტერესი თბილისიდან მოშორებით, ბუნების წიაღში გვეცხოვრა და საკუთარი მეურნეობა შეგვექმნა. vino Underground-ში ხშირმა სტუმრობებმა შთაგვაგონა, დაგვეყენებინა ჩვენი ნატურალური ღვინო. 2013 წლის დეკემბერში შევიძინეთ 15 რიგი რქაწითელის ვენახი და ნახევარი ჰექტარი ატმის ბაღი სოფელ წინანდალში და გადავწყვიტეთ მარნის დაარსება. სოფელ ართანაში სტუმრობისას ჩვენს მეგობარ კახა ბერიშვილთან მოვიხიბლეთ ართანის ბუნებით და სახლისა და მარნის აშენება ართანაშივე გადავწყვიტეთ. 2015 წლის ზაფხულში შევიძინეთ 10 ტონის ქვევრები სოფელ ტყემლოვანაში და დავიწყეთ მარნისა და სახლის მშენებლობა“, – განუცხადა knews.ge-ს ვახტანგ ფაღავამ. 
მეგობარები რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ღვინოს უძველესი ტრადიციით აწარმოებენ. ირაკლი გავაშელი ირწმუნება, რომ ვენახის მოვლის დროს იყენებენ მხოლოდ ორგანულ სასუქებს და ვაზს წამლიან ბიოლოგიური პრეპარატებით. 
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ღვინო დავაყენოთ მხოლოდ ჩვენივე ვენახში მოწეული ყურძნისგან. ჩვენს ვენახებს ჩვენ თვითონვე ვამუშავებთ ორგანული პრეპარატებით და ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქებს, ნიადაგში ცოცხალი ციკლის შესანარჩუნებლად. ღვინოში არ ვიყენებთ გოგირდს, რაც რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა, რათა ღვინომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს ტერუარი, ჩვენი ხასიათი და დამოკიდებულება სამყაროსადმი. რადგან ჩვენთვის ღვინო ვენახიდან იწყება, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სისტემური შხამქიმიკატებით გაჯერებული ყურძნისგან, ქვევრში ან რაიმე სხვა ჭურჭელში დაყენებით, საინტერესო და ცოცხალი ღვინო მივიღოთ“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი გავაშელმა. 
„ბიჭების მარანი“ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდის. ვახტანგ ფაღავა აღნიშნავს, რომ ღვინის ევროპის ბაზარზე გატანის მიზნით რამდენიმე ქვეყენასთან აწარმოებენ მოლაპარაკებას. 
ჩვენი კომპანიის “ბიჭების ღვინო”–ს 2015 წლის რქაწითელი გავიდა ექსპორტზე ამერიკაში და ეხლაც იყიდება. ასევე ინტერესი გამოიჩინეს იაპონელმა და ევროპელმა ექსპორტიორებმა, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. 2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალზე და უცხოელი ნეგოციანტების დახმარებით ლუარის რეგიონშიც მოხვდა. ნეგოციანტების თხოვნით 2015 წლის რქაწითელი (სოფ. წინანდალი, წყაროების ზვრები) ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის წასახალისებლად მოწყობილ დეგუსტაციაზე გაიგზავნა ქალაქ ბორდოში“, – აღნიშნავს ვახტანგ ფაღავა. 
კომპანიის კიდევ ერთი დამფუძნებელი შოთა იაშაღაშვილი კი ყურადღებას ამახვილებს ბიზნესსაქმიანობის წარმართვის დროს არსებულ პრობლემებზე. იაშარაშვილი მიუთითებს, რომ ფინანსური სახსრებისა და ტექნიკის სიმცირე, პროფესიოანლი მუშა ხელის დეფიციტი და სხვ ფაქტორები აფერხებს მეღვინეობის დარგის განვითარებას. ქართული ღვინის კულტურის განვითარების მიზნით ის ხელისუფლებას ურჩევს დააფინანსოს მოსწავლეების და სტუდენტების ღვინის ტურები სხვადასხვა მევენახე–მეღვინესთან, რათა მათ უკეთ და ახლოს გაიცნონ ღვინის დაყენების მთლიანი ციკლი ვენახიდან მარნამდე.
„მიწის, ნერგების ფასების სწრაფი ზრდა, ფინანსური სახსრების სიმცირე, ადგილობრივი პროფესიონალი მუშახელის დეფიციტი და ხშირად არარსებობა, ქვევრების არასანდოობა, ტექნიკის (ტრაქტორი თავისი საწამლი და სათიბი დანადგარით) არქონა, ვენახის დაუცველობა, რადგან გვქონდა შემთხვევა, როცა საფერავის თითქმის მთლიანი მოსავალი მოგვპარეს, შხამქიმიკატებით გაჯერებული ყურძნის მოსავლის დოტაცია, მცირე მოსავლიანობა, რაც წელს განპირობებული იყო არაადეკვატურად გაზრდილი ჭრაქიანობით, ეს არის პრობლემების არასრული ჩამონათვალი. თუ ეს პრობლემები არ მოაგვარა სახელმწიფომ, მეღვინეობა ვერ განვითარდენა“, – ამბობს შოთა იაშაღაშვილი. 
„ბიჭების მარანი“ მომავალ წელს ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენას აპირებს და 2000 ძირი ქისისა და ხიხვის გაშენებას გეგმავს.