სტატიები

საგარეჯოელი ეთო გზირიშვილი ბიოღვინოს ქვევრში აყენებს

 იგი „თედოს მარნის“ ბრენდის ქვეშ 2 სახეობის ღვინოს – საფერავსა და რქაწითელ-მწვანეს ამზადებს. მეღვინე სეზონზე აწარამოებს 2000 ბოთლამდე ღვინოს, რომელზეც, მისი ინფორმაციით, მოთხოვნა დღითდღე იზრდება. 
მეღვინე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საოჯახო, ნატურალური ღვინოების მიმართ დღითიდღე იზრდება ინტერესი, რის გამოც გადაწყვიტა აღნიშნული ბიზნესსაქმიანობის დაწყება უბიძგა.
,,მამაჩემი დიდი ხანია მეღვინეობითაა დაკავებული და საოჯახო მარანში აწარმოებს ღვინოს. ერთი წლის წინ გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი ღვინო ჩამოგვესხა ბოთლებში და გაგვეყიდა. ეს გამოიწვია საოჯახო ღვინოების მიმართ ინტერესმა და იმან, რომ ქართულ მეღვინეობაში, ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალურია ეს მიმართულება. ყველა სამუშაოს თვითონ ვასრულებთ, ეტიკეტსაც სახლში აკრავს და ამით ერთგვარ აქცენტსაც ვაკეთებთ, რომ ეს არის ძალიან მცირე რაოდენობის, ოჯახში გაკეთებული ღვინო. „თედოს მარნის” ბრენდინგი მე და ჩემს მეუღლეს გვეკუთვნის, ლოგოზე კი გამოსახულია დიონისე, რადგან ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მეღვინეობის მფარველია. ახლა ვაწარმოებთ 2 სახეობის ღვინოს – საფერავსა და რქაწითელ-მწვანეს, ეს უკანასკნელი შერეული კუპაჟია. რადგან ოჯახური წარმოებაა, ტირაჟი მცირეა და ღვინო – ხარისხიანი’’– განუცხადა Knews.ge-ს ეთო გზირიშვილმა.
ახალგაზრდა მეღვინის მტკიცებით, ვენახის მოვლისას არ იყენებს აგროქიმიკატებს, რომელიც ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს. 
,,ჩვენი ვენახი მდებარეობს დავით გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, მდინარე ივრის პირას. ეს არის ისეთი ზონა, რომელიც საკმაოდ ცხელი ადგილია. ვაზისთვის მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რადგან უფრო ღრმად ჩადის ფესვები მიწაში და მეტ მინერალებს იღებს. ვაწარმოებთ დაახლოებით 2000 ბოთლ საფერავსა და რქაწითელს. ვენახი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი წარმოება, თუმცა მოთხოვნა განსაზღვრავს საწარმოო რაოდენობას. „თედოს მარანის” ვენახების შეწამვლისას არ გამოიყენება არანაირი სასუქი, არც ერთი არაბიოლოგიური და მავნე საშუალება, ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივი ნივთიერებების შემცველ საშუალებებს, მაგალითად შაბს, გოგირდს და ა.შ. გარდა ამისა, ღვინო მზადდება ტრადიციული ქვევრის მეთოდით, ჭაჭაზე ფილტრაციით.’’
ეთო გზირიშვილი ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებული ღვინო ნატურალურია და გემოვნური თვისებებიტაც გამოირჩევა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა სამომავლოდ ღვინის უცხოურ ბაზარზე გატანას გეგმავს.
,,ჩვენი ღვინო არის ექსკლუზიური, არომატული და აქვს დამახასიათებელი გემო. ჯერ ადგოლობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა სამომავლოდ საზღვარგარეთაც მის გატანას არ გამოვრიცხავ. ჩვენი პროდუქტი შეგიძლიათ თბილისში სხვადასხვა მაღაზიებში შეიძინოთ. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 20 ლარამდეა.’’
მეღვინე სამომავლოდ ღვინის სხვა სახეობების წარმოებასაც გეგმავს.