ვიდეორეპორტაჟი

სოფელ ნინიგორში მარწყვის სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

ფერმერ ნოდარ დარეჯანაშვილს სანანდრიასისა და ალბიონის ჯიშის მარწყვი სათბურში თანამედროვე მეთოდებით მოჰყავს. ფერმერს ბიო მარწყვის მოყვანის იდეა 2 წლის წინ გაუჩნდა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართა. დარეჯანაშვილი ამბობს, რომ ხილის მოსავლის მიღებას იგი ყველა სეზონზე შეძლებს. 

,,საოჯახო ბიზნესი 2 წლის წინ დავიწყეთ. ინტერნეტში ვნახეთ მარწყვის გაშენების იდეა, მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოგვეკიდა ამ საქმისთვის. ავაშენეთ მცირე სათბური. შემდეგ ,,ქეას“ საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყო ფუნქციონირება ჩვენს მუნიციპალიტეტში. გამოაცხადეს კონკურსი მცირე გრანტებზე. დავწერეთ, მოვიგეთ და გაგვიკეთეს 410 კვადრატისმოცულობის სათბური, ჩვენ გვქონდა 300 კვადრატი და ჯამში დღეს 700 კვადრატულია. მარწყვი ისხმამს მთელი წლის განმავლობაში. გვავქს ესპანური ჯიშის სანანდრეასის მარწყვი და ალბიონისი დავრგეთ ეხლა. თითოეული ძირი გვაძლევს 400–450 გრამ მარწყვს წლის განმავლობაში, ჯამში ამ დროისთვის, დარგულია 12 ათასი ძირი. ზამთრის პერიოდში სათბური გათბება. რაც შეეხება ფასებს, მას ბაზარი არეგულირებს, თუმცა ჩვენი სარეალიზაციო არეალია სასტუმროები, რესტორნები, მარკეტები. ბაზარში ვერ შეგვაქვს, რადგან მოთხოვნა მაღალია და სრულად ვერ ვფარავთ. დასაქმებული გვყვავს 2 ადამიანი“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ნოდარ დარეჯანაშვილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ENPARD–ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის ჯუბა მარუაშვილის ინფორმაციით, მარწყვის სათბური საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა.

,,სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მარწყვის სათბური, რომელიც საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა. სათბურს გააჩნია სარწყავი, ასევე სათბობი და გამაგრილებელი სისტემა. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება სტიმულის მიმცემი სხვა ფერმერებისთვისაც“, – აღნიშნავს knews.ge-სთან მარუაშვილი.

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი knews.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ევროპის სამეზობლო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა. 

,,ლაგოდეხში მხარი დავუჭირეთ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან წამოსულ ინიციატივებს, თუ რისი განხორციელება სურდათ საკუთარ ქალაქში. სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უჩნდება მეტი მოთხოვნა და შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთოს სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ENPARD-ის დახმარება სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება”, – განმარტავს knews.ge-სთან იანოშ ჰერმანი.

,,ენპარდის“ საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელი თამარ ხუნწარია აღნიშნავს, რომ პროექტის ერთ–ერთი პრიორიტეტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა.

,,ენპარდის მეორე ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია. ის მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, ეკონომიკის დივერსიფიცირებას, და ასევე, მოსახლეობის ჩართულობასა და მათ თანამონაწილებას ამ პროცესებში უწყობს ხელს. უახლოეს მომავალში სოფლის განვითარების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ექნება რაც თავისთავად ნიშნავს მეტი მუნიციპალიტეტის ჩართულობას ამ პროცესებში,“ – ამბობს knews.ge-სთან თამარ ხუნწარია.

ფერმერი ნოდარ დარეჯანაშვილი სამომავლოდ სხვა კულტურების მოყვანასაც გეგმავს.

მარწყვის სასათბურე მეურნეობა ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორში

იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში