სტატიები

კახეთში დამზადებული ეთერზეთები საფრანგეთში გაიყიდება

კომპანიის “აგრო არომას” ხელმძღვანელის, ზურაბ ნაცვლიშვილის განცხადებით, ეთერზეთები, რომელიც კოსმეტიკაში გამოიყენება, მხოლოდ ექსპორტზე იქნება ორიენტირებული და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება. 
,,ვგემევთ, რომ საფრანგეთის გარდა გერმანიაში, ბრიტანეთში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია”, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას ზურაბ ნაცვლიშვილი.

საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. პირველი ორი წლის განმავლობაში კი მხოლოდ ქინძის ზეთის წარმოება იგეგმება. 
,,უცხოურ კომპანიებთან პირველადი შეთანხმებები ეთერზეთის მიწოდებაზე უკვე გვაქვს. პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნებში მივაწვდით საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით”, – აღნიშნავს ბიზნესმენი.
კომპანიაში წლიურად 6 ტონა ეთერზეთის წარმოება იგეგმება.
,,ჩვენ ვაპირებთ ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების პროდუქტების წარმოებასაც, რომელიც უკვე ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
უახლოეს მომავალში საწარმო ასორტიმენტის გაფართოებას აპირებს და ვარდის, ლავანდისა და ბაზილიკის ეთერზეთის წარმოებას დაიწყებს.