გრემში წარმოებული ღვინო ექსპორტზე ამერიკაში, იაპონიასა და დანიაში გადის
მარნის მფლობელი თემო კორტავა აღნიშნავს, რომ საკუთარი ბრენდის ღვინის ჩამოსხმა 2 წლის წინ დაიწყეს. თემა 3 სახეობის ღვინოს: რქაწითელს, კახურ მწვანესა და საფერავს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში აყენებს.
თემო კორტავა პროფესიით მეღვინეა.
,,მარანი დავაარსეთ 2 წლის წინ სოფელ გრემში. მეც და მამაჩემიც მოქმედი მეღვინეები ვიყავით, ვმუშაობდით სხვადასხვა ქარხანაში, პარალელურად გვქონდა სურვილი დაგვეარსებინა საკუთარი მარანი, სადაც ნატურალურ ღვინოს დავაყენებდით ქვევრში და მუხის კასრებში. უკვე მეორე წელია ვაყენებთ 3 სახის ღვინოს: რქაწითელს, კახურ მწვანეს, საფერავს. პირველივე მოსავლის ღვინო 2014 შევიტანეთ ნატურალური ღვინის ბარებში და მაღაზიებში როგორებიცაა: vino underground, Stampesso, აზარფეშა, ჯივინო, ასევე დაიტერედა Hilton და მრავალი სხვა მაღაზია. 2015 წელს, ასევე, მომხმარებელს სიახლე შევთავაზეთ. ჩემმა მეუღლემ დააყენა განსხვავებული მეთოდით, კარბონული მაცერაციით ქვევრში რქაწითელი, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა. ყველა ღვინო თავისთავად საინტერესო და გამორჩეულია ერთმანეთისაგან. ყოველწლიურად ვაწარმოებთ 5 000 ბოთლ ღვინოს, რომელიც როგორც ამერიკაში, იაპონიასა და დანიაში გადის ექსპორტზე და ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. ერთი ბოთლი ღვინის ფასი 20–დან 30 ლარამდეა’’,– განუცხადა Knews.ge-ს თემურ კორტავამ.
მეღვინე ამბობს, რომ ბიზნესსაქმიანობა და სარეალიზაციო ბაზრის მოძიება რთულია. ის ფიქრობს, რომ ხარისხიანი პროდუქციის წარმოების შემთხევაში მასზე მოთხოვნა მოიმატებს და გაყიდვის პრობლემაც ეტაპობრივად მოგვარდება.
,,საკმაოდ რთულია ბაზრების მოპოვება ინდივიდუალურად, მაგრამ ღვინის ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენები ხელს უწყობს პროდუქციის პოპულარიზაციას. ამასთანავე აუცილებელია ხარისხიც მოთხოვნის შესაბამისი იყოს. მნიშვნელოვანია მომხმარებლის გემოვნების დახვეწა და მცირე მარნების ხელშეწყობა, ასევე ნატურალური ღვინის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის.’’
მეღვინე ირწმუნება, რომ კორტავების ღვინო ნატურალურია, რადგან ვენახის მოვლისას აგროქიმიკატებს არ იყენებს.
,,ჩვენი ღვინო ხარისხიანი, ნატურალური და გემრიელია, რადგან მისი მომზადებისას არანაირ აგროქიმიკატს და დამხმარე პრეპარატებს არ მოვიხმართ. ამ დროისთვის 4 ჰექტარზე გაშენებული გვაქვს ვენახი, რომელსაც სპეციალური პრეპარატებით არ ვწამლით, რაც ღვინის გემოვნურ თვისებებზე დადებითად აისახება. პროდუქციაზე კი მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და მომხმარებელს ძალიან მოსწონს ჩვენი ღვინო.’’
თემურ კორტავა საგვარეულო მარნის წინ 37 სახეობის საკოლექციო ვაზის ჯიშისგან გაშენებულ ვენახს ფლობს. იგი გეგმავს აღნიშნული ჯიშის ვაზისგან მიღებული ყურძნით ღვინის დაყენებას და მომხმარებლისთვის ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას.
,,გვაქვს ასევე 37 –მდე საკოლექციო ვაზის ჯიშისგან გაშენებული ვენახი, ეს არის როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ჯიშები: ალექსანდრეული, ოჯალეში, ჩხავერი, მუჯურეთული და სხვა მრავალი, ასევე ფრანგული, იტალიური ჯიშებიც, ხოლო საღვინე ჯიშებს რაც შეეხება, სამნაირი რქაწითელი: ვარდისფერი, თეთრი, წითელი. კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და ორნაირი საფერავი: მრგვალმარცვალა და ბუდეშურისებრი. გვაინტერესებს შეინარჩუნებენ თუ არა გემურ თვისებებს და რა შედეგებს მოგვცემენ თავისი მიკროკლიმატის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, საექსპერიმენტოდ ჩავყარეთ აღმოსავლეთისთვის უჩვეულო ჯიშებიც’’, – განუცხადა knews.ge-ს თემო კორტავამ.
სამომავლოდ მეღვინე წარმოების გაზრდას და საოჯახო მარნის გაფართოებას აპირებს. იგი პროდუქციის გატანას სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გეგმავს.