სტატიები

ზემო ალვანში ქუმელის სახლის აშენება იგეგმება

როგორც knews.ge-ს მიქელაძემ განუცხადა, სახლში ქუმელის ელექტრონული საფქვავი, მცირე ზომის წისქვილი მოეწყობა და ამავე დროს ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ პროდუქციის დამზადების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. 
„თუ საკმარის ფინანსურ სახსრებს მოვიძიებ ვგეგმავ რომ ავაშენო ქუმელის სახლი. ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება ესტუმროს ქუმელის სახლს, მის მოხალვაში, დამზადებაში მიიღოს მონაწილეობა და ამაცე დროს დააგემოვნოს კიდეც“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან მიქელაძემ. 
ლევანი ამბობს, რომ წინა წლებშიც აპირებდა ქუმელის სახლის აშენებას, თუმცა ფინანსური სახსრების არქონის გამო ვერ შეძლო. მისი ინფორმაციით, მან ტურისტული ობიექტის მოწყობის მიზნით სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა, თუმცა დაფინანსება ვერ მოიპოვა. ამჯერად ლევანი ფინანსური სახრების მოძიებას არასამტავრობო ორგანიზაციებიდან გეგმავს.
„ერთი წლის წინ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მივიღე მონაწილეობა. ქუმელის სახლის პროექტი დავწერე. ჩემი წილის გარდა, ვითხოვდი 5000 ლარს. „აწარმოე საქართველოდან“ მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ჩემი პროექტი დაფინანსდებოდა, მაგრამ უარი მითხრეს. მე აღარ ვაპირებ, რომ ამ პროგრამაში მივიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ზემო ალვანში იყოს ქუმელის სახლი და ვეცდები, რომ დაფინანსება მოვიპოვო კერძო ორგანიზაციებიდან“, – აღნიშნავს ლევან მიქელაძე. 
ლევანი 6 წელია ტრადიციულ თუშურ დელიკატესს უძველესი მეთოდით აწარმოებს. მიქელაძე ამბობს, რომ ქუმელს ამზადებს მხოლოდ ქერის მოხალული მარცვლებისგან და მის შემადგენლობაში სხვა მარცვლეული კულტურები არ შედის. 
„ქუმელი არის ტრადიციული თუშური საკვები. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე მთაში, ბარში ამზადებდნენ, მიირთმევდნენ. ნაღდი ქუმელი მზადდება ქერისგან, რატომ? თუშეთში ადრე მხოლოდ ქერი და შვრია მოდიოდა. იქ არც სიმინდი მოდიოდა და არც ხორბალი, რადგან თუშეთი ზღვის დონეზე ძალიან მაღლა მდებარეობს. ეხლა კი ურევენ ხორბალს, სიმინდს. ასაკიანებისთვის მშვენიერი საჭმელია. ჩვილი ბავშვის კუჭი ვერ ინელებს და ამის მირთმევა უჭირს. შესაძლოა ძალიან ცოტა რაოდენობით გაურიო თეთრი სიმინდი, რომელიც არის მსუბუქი, ყვითელთან შედარებით მძიმეა. რაც მე წავიკითხე და წინაპრებმა გადმომცეს, ნატურალური ქუმელი ქერისგან მზადდება “, – განუცხადა knews.ge–ს ლევან მიქელაძემ. ჩვილებისთვის ქუმელისგან ამზადებენ ფაფებს, ასევე, წყალში მოზელილ გუნდებს ე.წ. გორდილებს, რომელსაც მწყემსები საკვებად იყენებენ. სპეციალურ პარკებში დაფასოებული ქუმელი 3,5 ლარად იყიდება ახმეტაში, თელავსა და თბილისში.