ევროპული საქართველოდან საგარეჯოს მერობის კანდიდატი ამირან სონიშვილი იქნება
როგორც knews.ge–ს სონიშვილმა განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საგარეჯოს მოსახლეობას პენსიის 20 ლარით გაზრდის გარანტიას აძლევს. მერობის კანდიდატის ინფორმაციით, ეს თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
„საგარეჯოში აქამდე ვერ მოგვარდა წყლის, გზებისა და საძოვრების პრობლემა. თუ გავხდები საგარერჯოს მერი, მე ამ პრობლემების მოგვარებით დავიწყების ჩემი მოვალეობის შესრულებას. ეს იქნება ჩემი მთავარი გზავნილი. მე, ასევე, მოსახლეობას ვპირდები, რომ საგარეჯოს მერიაში პრემია–დანამატები არ გაიცემა და პენსიონერებს პენსია მოემატებათ 20 ლარით“, – განუცხადა knews.ge–ს ამირან სონიშვილმა.
ამირან სონიშვილი 2014 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის სიით“ გახდა. 2017 წლის დასაწყისში მან პარტია დატოვა და „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, კი ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებში გამგებლის თანამდებობა გაუქმდა. მოსახლეობა თვითმმართველ ერთეულებში მერებს აირჩევს.