სტატიები

თუში მეღვინე ვაზის უძველესი ჯიშების აღდგენას იწყებს

შოთას ვაზის მივიწყებული ჯიში კახური მცვივანი საკუთარ სახლში დაახლოებით ნახევარ ჰექტრაზე აქვს გაშენებული. გასულ წელს მან ამ ჯიშის გამრავლება სცადა და 200 ძირი კახური მცვივანი ვენახში ჩაყარა, თუმცა გაუფუჭდა. 
„მამაჩემს კახური მცვივანის 40 ძირი აჩუქეს დაახლოებით შვიდი წლის წინ. ჩვენ მაშინ გავახარეთ და ეხლა კახური მცვივანის 2 პლანი ვენახი გვაქვს. შარშან გვინდოდა რომ პლანების რაოდენობა გაგვეზარდა და გაზაფხულზე 200 ძირი ჩავყარეთ, მაგრამ ამინდებმა არ შეგვიწყო ხელი და გაფუჭდა. კიდევ ვაპირებთ რომ გავამრავლოთ და მომავალ გაზაფხულზე კვლავ ჩავყაროთ მცვივანის ჯიშის ვაზი“, – განუცხადა knews.ge–ს შოთა ლაგაზიძემ. 
თუში მეღვინე ჟღია ჯიშის ვაზის აღდგენასაც აპირებს. შოთა ლაგაზიძე ამბობს, რომ ამ ყურძნიდან დაწურული ღვინო გემოვნური თვისებებით უნიკალურია და ამავე დროს საფერავის ჯიშის ალტერნატივადაც განიხილება. 
,,ჟღია იშვიათი კახური ჯიშია, რომელიც მცირედი ნარგავების სახითღა თუ არის შემორჩენილი. ვაპირებ რომ ჟღია ჯიშიგან ცალკე ვენახი გავაშენო. მხოლოდ ლექსო ციხელიშვილთან მეგულება, ვისაც ჟღიას იმდენი ძირი აქვს გაშენებული, რომ მოსავლიდან ათეულობით ბოთლი ღვინო მაინც დააყენოს. ეს ჟღიას ბაზარზე გამოტანის პირველი შემთხვევაა. ვაზი სოფელ ზემო ხოდაშენშია გაშენებული, თავად ღვინო ფერზე ძოწისფერია, რაც მცირედი დაჟანგვის ნიშანი უნდა იყოს, გემოზე კი ტკბილი ტყლაპის, ლეღვის ჩირისა და ხურმის ჩირის ტონებს იგრძნობა. შედარებით თხელი, ნაკლებ ინტენსიური შეფერვის ძალიან სასიამოვნო, ელეგანტური ღვინოა. სასიამოვნო და გემრიელი ტანინები დაბოლოებაში გადახარშული ტყემლის მურაბის გემოს ტოვებს. ალკოჰოლის ოდენობა 13%–ია“, – აღნიშნავს ლაგაზიძე. 
შოთას ამჟამად ღვინის მეურნეობა სოფელ ზემო ალავნაში აქვს. ლაგაზიძემ ტურიზმის მენეჯმენტიდან ქვევრის ღვინის წარმოებამდე გზა მეგობართან ერთად გაიარა და საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა. წარმოებისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი კი ერთი წლის განმავლობაში გიდად მუშაობით დააგროვა. 
მეღვინე ირწმუნება, რომ ნატურალურ ღვინოს მხოლოდ ბორდოს ნაყენით (კირითა და შაბიამინით) შეწამლული რქაწითელისგან აწარმოებს. მისივე ინფორმაციით, ვენახში შხამქიმიკატებს მიზანმიმართულად არ იყენებს და აქცენტს ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი მინარევების გამოყენების გარეშე მიღებულ პროდუქტზე აკეთებს. 
,,როცა ადამიანი ისეთ საქმეს იწყებ, რომლის პრაქტიკული გამოცდილებაც არ გაქვს, და მხოლოდ თეორიულად იცი, ბევრი გაუთვალისწინებელ ნიუანსი გხვდება. შეიძლება შეცდომებიც დაუშვა, ცოდნა თანდათან მოდის და შრომასთან ერთად იზრდება. პირველი ეტაპის სირთულე ნებისმიერ საქმეშია“, – აღნიშნავს მეღვინე.
ახალგაზრდა მეღვინე აგროტურისტული მეურნეობის ასოციაციის დამფუძნებელიცაა. ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში, გუნდის წევრები ახალგაზრდა მეწარმეებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ. შოთა მიიჩნევს, რომ ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარი სწორედ ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების დახმარებაშია.
,,დღევანდელი პერსპექტივით ახალგაზრდის სოფელში წასვლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამავდროულად, თითოეული სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდა სფეროს განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. საქმე ის არის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა მასიური წარმოებით ვერავის გააკვირვებს. ევროპის ბაზარზე თავს მხოლოდ ნატურალური პროდუქციითა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი წარმოებით დავიმკვიდრებთ“, – ამბობს ახალგაზრდა მეწარმე.