სტატიები

შილდაში წარმოებული ნელქარისის ღვინოები ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება

კომპანია “ნელქარისისა” და “იკანოს” ბრენდის ღვინოებს აწარმოებს. ყოველწლიურად მეგობრების მარნის პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე გადის ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიის ვენახები 22 ჰექტარზეა გაშენებული.
„ჩვენი ვენახები მდებარეობს სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელიც განლაგებულია მდინარე დურუჯისა და ალაზნის შენაერთთან. 2015 წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ბრენდი იკანო, რომელიც ქართული და საერთაშორისო ტრადიციებისა და ყურძნის ჯიშების ნაზავია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეორე ბრენდი “ნელქარისი”, რომლის ექსპორტს უკვე ვახორციელებთ. ჩვენ გვყავს პარტნიორები ბელგიაში. “ნელქარისის” ღვინოები იყიდება დიდ ბრიტანეთში და, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი ღვინო არის პირველი, რომელიც იყიდება აშშ-ში. ჩვენი აქცენტია, რომ ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო და გვქონდეს პრემიუმ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია. ყოველწლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ”, – განუცხადა knews.ge-ს კომპანიის ხელმძღვანელმა დავით წინწკალაძემ. 
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ბრენდი საკმაოდ წარმატებულია, განსაკუთრებით ახალლგაზრდა მომხმარებელში. ეს არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება დაიმკვიდროს ახალმა კომპანიამ თავისი ადგილი გადატვირთული ბაზარზე. ის ტენდენცია, რომ უფრო მეტი მცირე და საშუალო ზომის მარნები იხსნება საქართველოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მრავალფეროვნება არის ჩვენი უპირატესობა“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. 
საწარმო მდებარეობს ანტიკური ქალაქის, ნელქარისის ადგილას და აერთიანებს ღვინის ქარხანას, მარანს, მაღაზიასა და რესტორანს. დავით წინწკალაძე ამბობს, რომ კომპანიის მთავარი მიზანია ქართული ტრადიციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შერწყმით საუკეთესო ღვინოს წარმოება.
“ჩვენი ქარხანა დგას ანტიკური ქალაქის ნელქარისის ადგილას. აქ გავრცელებული მითრიდიტული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს მეღვინეობა შეადგენდა. ამას მოწმობს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არსებული იმდროინდელი ქვევრები. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქართული მეღვინეობის უნიკალურობის შენარჩუნება და ამასთან მუდმივად განვითარებადი დარგისთვის ფეხის აწყობა. ამის მაგალითია: ნელქარისი, რომელიც კლასიკური ქართული ღვინოა და ჩვენს ტრადიციებთან სრულ შესაბამისობაშია. მთლიან პროცესს დაწყებული ვენახიდან, დამთავრებული საბოლოო პროდუქტით ახორციელებენ პროფესიონალები საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით”, – აღნიშნავს წინწკალაძე.
კომპანია, სადაც 75 ადამიანია დასაქმებული, „შეღავათიანი აგროპროექტის“ პროგრამის ბენეფიციარია და 600 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხით სარგებლობს. საწარმოში ჯამში 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 
„მეღვინეობა გრძელვადიანი ბიზნესია. ჩვენ გვაქვს 33 ჰექტარი და ვაპირებთ ამის გაზრდას. ეს ძირითადად საფერავია. შემდეგ გაზაფხულზე 6 ჰექტარზე ვენახებს კიდევ გავაშენებთ, 4 ჰექტრაზე იქნება მწავნე, ხოლო 2 ჰექტრაზე კი – ხიხვი. კომპანიაში 4 მილიონი დოლარი ამერიკული ინვესტიციაა. საქართველოს გარდა 10 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენს ქვეყენაში დაეწყიოთ ღვინის ბიზნესი, მზად არიან მომავალშიც განახორციელონ ინვესტიცია“, – ამბობს დავით წინწკალაძე. 
კომპანია სამომავლოდ „ნელქარისის“ ბრენდის ცქრიალა და ქვევრის ღვინის წარმოებასაც გეგმავს.