კახეთის დაბერებული სოფლები
51 ნასოფლარი ახმეტაშია. ეს ძირითადად თუშეთის სოფლებია. სოფლების დაცლის პრობლემა კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის. მოსახლეობის მიგრაციის პრობლემა მწვავედ დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მერქნისცერში, ხევღრუმასა და გრძელჭალაში. სოფლები ყვარლიდან 32 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ინწობის ხეობაში მდებარეობს. ირგვლივ მხოლოდ მიტოვებული, ეკალ-ბარდში გახვეული და დანგრეული სახლებია. სოფელ მერქნისცერში მხოლოდ 1 ადამიანიღა შემორჩა. ხევღრუმაში სულ 10–მდე ოჯახი ცხოვრობს. გრძელჭალაში კი 28 მცხოვრებია, თუმცა მოსახლეობის დაახლოებით 90% 70 წელს გადაცილებულია.
სამივე დასახლებული პუნტქი მაღაზიის, ამბულტაორიის, საბავშვო ბაღისა და სკოლის გარეშეა დარჩენილი. 15-მდე კომლს არც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
„სოფელში სამუშაო, სკოლა, ბაღი არ არის. გრძელჭალიდან ახალგაზრდობა წავიდა. მოხუცებიღა შემოვრჩით“, – ამბობს სოფელ გრძელჭალის მცხოვრები ნაზო მთიულიშვილი.
„აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. მეურნეობა იყო და ხნავდნენ. ეხლა აღარვინ აღარ არის. ახალგაზრდობას აღარ აინტერესებს. აქ ყველაფრის პრობლემაა. გაზი და წყალი ჩვენ არ გვაქვს. ვინ გაჩერდება აქა? მხოლოდ პენსიონერებიღა ვართ. როცა ჩვენ არ ვიქნებით, ეს სოფელი აღარ იარსებებს“, – აცხადებს სოფელ ხევრღუმის მცხოვრები შოთა მთიულიშვილი.
დაახლოებით 16 წელია, რაც მერქნისცერში, ხევრღუმასა და გრძელჭალაში ბავშვი აღარ დაბადებულა. ერთადერთი არასრულწლოვანი 17 წლის ივერი საფარაშვილია, რომელიც დაახლოებით 4 კილომეტრს თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლამდე ფეხით გადის. ივერის სკოლამდე გადაადგილების ხარჯებს აქამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფარავდა, თუმცა საფარაშვილს ეს დაფინანსება შეუწყდა.
„გაკვეთილები იწყება 9 საათზე და სკოლამდე მისასვლელად მჭირდება 1 საათი. განსაკუთრებით რთულია ზამთარში სიარული, რადგან ნადირის მხრიდან არის საშიშროება, თოვლიც დიდი მოდის და ფეხით გადაადგილება ჭირს“, – აღნიშნავს ივერი საფარაშვილი.
სამივე სოფელს ერთი ექთანი, 77 წლის იამზე საფარაშვილი ემსახურება. 40 წელზე მეტია რაც იამზე მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებას უწევს.
„მიუხედავად იმისა რომ რაიონული ცენტრიდან შორს ვართ, ადგილზე მაინც ვუწვთ დახმარებებს – ნემსის გაკეთება იქნება, წნევის გაზომვა“, – ამბობს იამზე საფარაშვილი.
კახეთის გუბერნატორი ფიქრობს, რომ სოფლებიდან მოსახლეობის გადინებას და ქალაქის მაცხოვრებლების ხვედრითი წილის გაზრდას ეკონომიკური განვითარება იწვევს. ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ კახეთის ყველა სოფელში ახლო მომავალში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება, თუმცა იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, ბაღი და სკოლა ვერ გაიხსნება.
„მაქსიმუმ 2–3 წლიწადში არ დარჩება სოფელი, სადაც არ მოგვარდეს გაზიფიკაციის პრობლემა, არ მივიდეს ინტერნეტი, მაგრამ არსებობს ობიექტური წინააღმდეგობა. არსებობს ისეთი სოფლები, სადაც 2–3 ბავშვია. ბუნებრივია ასეთ სოფლებში შეუძლებელია რომ ბაღი ან სკოლა იყოს“, – განუცხადა Knews.ge–ს კახეთის გუბერნატორმა.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა 2017–2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგია, რომლის მთავარი პრიორიტეტებია ეკონომიკა, კონკურენტუნარიანობა, სოციალური პირობები, ცხოვრების დონე და გარემოს დაცვა.
სტატეგიის მიხედვით დაგეგმილია:
• სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია სოფლის მეურნეობასთნ დაკავშირებული ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება და მდგრადი არასასოფლო- სამეურნეო მიმართულებების განვითარების საშუალებით, სოფლად ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება სოფლის სპეციფიკისა და უნიკალური კულტურული იდენტობის საფუძველზე.
• სოფლად ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება სოფლის სპეციფიკისა და უნიკალური კულტურული იდენტობის საფუძველზე.
• ცნობიერების ამაღლება ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, თანამშრომლობის წახალისება უნარ-ჩვევების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობით (განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალებისათვის).
• სოფლის მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების) ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და მათი გადაწყვეტის გზების განსაზღვრაში.
სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებას კოორდინაციას გაუწევს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესში ყველა შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების ჩართულობას და კოორდინირებას გაუწევს როგორც სტრატაეგიის განხორციელებას, ასევე კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში.
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელებისთვის საკოორდინაციო საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც წარმოადგენს ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარანტს.
თუ სტრატეგიაში გაწერილი ღონისძიებები ამ სოფლებში რეალურად განხორციელდება, მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მოხუცებით დასახლებულ გრძელჭალაში, მერქნისცერსა და ხევღრუმაში ახალგაზრდები ისევ დაბრუნდებიან.