ყველისა და კარაქის მწარმოებელთათვის ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა
დასახელება „ყველი” შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის” გამოყენება. ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. აგრეთვე ცვლილებები შეეხეო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის” განმარტებასაც.
ბიზნესოპერატორი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 400 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით 1 წლის განმავლობაში ჩადენილი ქმედება კი 1200 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის” გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
,,ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას,” – განმარტავს knews.ge-სთან სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რძის ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა ძალაში.