ახალი ამბები

ქვემო მაჩხაანში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მიმდინარეობს

ღონისძიება, რომელიც 29 ივნისს, სოფელ ანაგაში, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში გაიხსნა, 2 ივლისს დასრულდება. როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ეკა ჩახნაშვილმა განუცხადა, ფესტივალი ტარდება პროექტის „მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში” ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის მხარდაჭერას, ქვემო მაჩხაანსა და მიმდებარე სოფლებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 1 ივლისს, 17 საათზე, ქვემო მაჩხაანის თეატრში სანდრო ახმეტელელის დრამატული თეტრი გამართავს სპექტაკლს “სტუმარ-მასპინძელი”, ხოლო 20 საათზე კი მაყურებლის წინაშე Art Way და ახალგაზრდული თეატრი წარსდგება სპექტაკლით „მედეა“. 2 ივლისს, 15 საათზე, სპერქტაკლს მინსკის თანამედროვე სამხატვრო თეატრი გამართავს, ხოლო 19 საათზე კი დაგეგმილია მაჩხაანის ადგილობრივი დასის “თეატრალური ლაბორატორიის” სპექტაკლის პრემიერა. 
სპექტაკლებზე დასასწრებად ბილეთის ფასი 50 თეთრია. 
პროექტს “მე წაგიყვან მაჩხაანის თეატრში” ახორციელებს “სამოქალაქო ინიციატივა” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. 
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “საქმოქალაქო ინიციატივისა” და “ახმეტელის თეატრის” ორგანიზებით ტარდება. 
მაჩხაანის თეატრი მოსახლეობის მიერ შემოწირული თანხით XIX საუკუნის ბოლოს აშენდა. 1899 წელ კი თეატრი საზეიმოდ გაიხსნა. 2014 წელს მაჩხაანის თეატრს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად თეატრი დანგრევის პირასაა.