სტატიები

ალოობა დედოფლისწყაროში – ფერმერები ტექნიკის სიმცირეზე ჩივიან

უხვი ნალექისა და გვალვის მიუხედავად ქერისა და ხორბლის უხვი მოსავალია. შირაქისა და ტარიბანას ველებზე, ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 4–დან 6 ტონამდე მერყეობს. ფერმერები კი მოსავლის ასაღები ტექნიკის სიმცირეზე ჩივიან. 
„აპრილში გვალვა იყო და ვფიქრობდით, რომ მოსავალი არ იქნებოდა. მაისში კი იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ მდგომარეობა გამოსწორდა. გასულ წელთან შედარებით მოსავალი უფრო მეტი იქნება. რაიონში ტექნიკა იმდენი არ არის. იმედია ხელისუფლება დაგვეხმარება, რომ კომბანიების დეფიციტი არ იყოს, რათა მოსავალი დროულად დავაბინაოთ“, – განუცხადა knews.ge–ს დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ფერმერმა ვანო ნატროშვილმა. 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ქერისა და ხორბლის უხვ მოსავლიანობას კლიმატურ პირობებთან ერთად ხელი შეუწყო სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 80 კომბაინი მუშაობს. ხელისუფლება ტექნიკის შემოტანას გასული წლის მსგავსად აზერბაიჯანიდან გეგმავს. 
„ძალიან კარგი მოსავალია. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ მოსავალს ველოდებით. არსებული ტექნიკა სრულად მობილიზებულია. სახელმწიფო კომპანია „მექანიზატორის“ დაახლოებით ოთხმოცამდე ერთეული თანამედროვე ტექნიკა მუშაობს. წელს მარცვლეული კულტურების ნათესი ფართობები გაზრდილია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 
„თავად განვითარების პროცესი გვიჩვენებს იმას, რომ საჭიროება მოითხოვს მექანიზაციის რაოდენობის გაზრდას. ალოობა მკათათვე არის ოპტიმიზმის და მომავლისაკენ გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯი“, – განუცხადა knews.ge–ს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა კი მოსახლეობას ზაფხულის ხანძარსაშიშ სეზონში თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის აღების, გადამუშავებისა და შენახვის პერიოდში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებზე კონტროლის გაძლიერების შესახებ აფრთხილებს.
„საქართველოს მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იქნას: 1. მარცვლეულისა და სხვა კულტურების მასივების შემოხვნა რკინიგზის ხაზების, სამანქანო გზებისა და ტყის ზოლებთან. დაცული უნდა იქნეს მანძილი თავთავიან კულტურების მასივებიდან ტრაქტორების, კომბაინებისა და ავტომანქანების გამწყობ მოედნამდე და საწვავ-საპოხი მასალების საცავამდე. კატეგორიულად იკრძალება თავთავიანი და ტექნიკური კულტურების მასივების უშუალო სიახლოვეს ავტოტექნიკის საწვავით გამართვა. 2. არ შეიძლება, 25 ჰექტარზე მეტი ფართობის ასაღებ პურის მასივების სიახლოვეს ტრაქტორისა და გუთნის მობილიზება. 3. იკრძალება, მარცვლეულის აღების დაწყება პურის მასივების არაუმეტეს 50 ჰა ფართობის ნაკვეთებად დანაწილება, ნაკვეთებს შორის არანაკლებ 8 მ-ის ლესურების მოწყობა. 4. უნდა მოხდეს მარცვლეულის კალოების განლაგება შენობა-ნაგებობებიდან არანაკლებ 50 მეტრში, ხოლო პურის მასივებიდან 100 მეტრის დაშორებით. ასევე, იკრძალება ნამკალის ნამწვერალის ნარჩენების დაწვა მინდორში, ტრაქტორების თვითმავალი ძარის და ავტომობილის მუშაობა კაპოტის გარეშე ან ღია კაპოტით, ძრავების რადიატორებში მტვრის ამოსაწვავად სარჩელი ლამპის გამოყენება, არ შეიძლება, საველე პირობებში ავტომობილების გამართვა ღამის საათებში“, – აცხადებენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბალი და ქერი 32 000 ჰექტარზეა დათესილი. წინასწარი მონაცემებით, წელს დაახლოებით 140 000 ტონა ხორბალს ელოდებიან.