არასამთავრობოები მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
შესაბამის სარჩელს მესამე სექტორი დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგენს. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში პრესკონფერენცია გამართეს.
ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა.
“მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, უნდა გაემართა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და არა სხვა რომელიმე ორგანიზაციას. გარდა ამისა, „თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიერ გამოცემულ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მან გამართა 7 რეგიონული შეხვედრა, რომელსაც, უმეტესად მერები/გამგებლები, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს შეხვედრები მათთან კონსულტაციის მიზნით ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სათემო მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ცალ-ცალე უნდა გამართულიყო”,- განაცხადეს არასამთავრობო სექტორში.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც წარმომადგენლობითმა ორგანოებს მოსთხოვა ემსჯელათ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. თოთხმეტივე საკრებულომ სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა.