კახეთში ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება
მარშრუტები უკვე ცნობილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე აცხადებს, რომ ავტომაგისტრალი ლილოდან დაიწყება და საგარეჯომდე ან სართიჭალამდე გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, შემდგომ დასახლებული პუნქტების გვერდის ავლით მაგისტრალი შემოუვლის სოფლებს და ჩავა ბაკურციხეში, სადაც თავის მხრივ ისევ გაიყოფა და ჩრდილოეთისკენ, თელავის მიმართულებით წავა.
”მაგისტრალი აქ შეურთდება ახმეტა-ჟინვალის მონაკვეთს, ასევე, ბაკურციხიდან მაგისტრალი სოფლების ავლით გაკეთდება აღმოსავლეთისკენ – წნორისა და ლაგოდეხის მიმართულებით. ბაკურციხე-გურჯაანის მიმართულებაზე უკვე არსებობს პროექტი. ასევე დაგეგმილია, სოფლების გვერდის ავლით მაგისტრალის პროექტირება გურჯაანიდან თელავამდე და მისი დაკავშირება გომბორისა და ახმეტის გზებთან.” – განაცხადა სეთურიძემ.
მისივე ინფორმაციით, მაგისტრალის სრული პროექტირება დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. ამის შემდეგ გაირკვევა პროექტის ღირებულებაც.
”ამ ეტაპზე 23 ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რამდენიმე მათგანი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წლამდე დავასრულოთ ყველა პროექტი” – აღნიშნა სეთურიძემ.