კომპანია ”გრემი” მაღაზიებს მოსკოვში, კიევსა და ასტანაში გახსნის
კომპანიის დამფუძნებლის, გიორგი მაჩაბელის განცხადებით, ისინი ”გრემის” ბრენდით ევროპის ქალაქებში შესვლასაც განიხილავენ.
”გარდა იმ ქვეყნებისა, სადაც ”გრემის” პროდუქცია ისედაც შედის, გერმანიასა და ეგვიპტეში გავაგზავნეთ თაფლის სატესტო პარტია. თუ მოიწონეს ჩვენი თაფლი, მაშინ სტაბილურ თანამშრომლობას დავიწყებთ”, – განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”გრემი” აწარმოებს მურაბებს, ჯონჯოლს, სვანურ მარილს, აჯიკასა და თაფლს. სამომავლოდ კი კახეთში საკუთარი საწარმოს აშენება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება.
კომპანია ”გრემი” 2016 წლის ბოლოს დაარსდა და მასში 10 ადამიანია დასაქმებული. ”გრემის” პროდუქცია ექსპორტზე ირანში, რუსეთში, ყაზახეთსა და უკრაინაში გადის.