სტატიები

თელაველი მამაკაცები ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას მხარს უჭერენ

თელავის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე იმსჯელეს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის აზრით, ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში უნდა გაიზარდოს.

,,ვფიქრობ, რომ ქალბატონები ძალიან დიდ როლს თამაშობენ და მივესალმები მათი რიცხვის გაზრდას პოლიტიკაში რაიონების დონეზე. ჩვენთან 2 ქალბატონი დეპუტატია, მაგრამ საკრებულოში ქალბატონები საკმაოდ არიან წარმოდგენილნი. იმედი მაქვს, რომ მომავალი მოწვევის საკრებულოშიც ვიხილავთ ქლბატონებს. ვცდილობთ, რომ მეტი იყვნენ, ვიდრე დღეს არიან, მინიმუმ 4 – 5 მაინც“, – განუცხადა knews.ge-ს პაატა გიორგობიანმა.

თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნელი ცქიტიშვილი ქალთა ნაკლებ ჩართულობაზე მიუთითებს.

,,ფაქტი, რომ თვითმმართველი თემის საკრებულოში არის მხოლოდ 2 ქალბატონი და ქალაქის საკრებულოში არცერთი, მიუთითებს იმაზე, რომ დღის წესრიგის ერთ–ერთი მთავარი საკითხია ქართული პოლიტიკისთვის. ვფიქრობ, რომ ქალი თავისი აქტიურობით, სოციალური პასუხიმგებლობითა და დამოკიდებულებებით დადებითად წაადგება პოლიტიკას. მეტი ქალი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. ეს არ უნდა იყოს დაბალი რანგის პოზიციაზე, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ნელი ცქიტიშვილმა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რაც შეიძლება მეტმა ქალმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, პარტიულ სიებში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წინა პოზიციებზე, კანდიდატებად დასახელებულ ქალებს მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წევრებმა, არამედ ამომრჩეველმა მამაკაცებმა”, – განაცხადა საკრებულოს წევრმა მაია ნაცვლიშვილმა.

თელავის თემის საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი დეპუტატია, ხოლო ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მდედრობითი სქესის არც ერთი წარმომადგენელი არ არის. ამიტომაა მნიშვნელოვანი ქალთა ხელშეწყობა და მხარდაჭერა. მისასალმებელია, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებიც ადასტურებენ. იმედია თელავის საკრებულოში გადაწყვეტილების მიმღებ ქალთა რიცხვი გაიზრდება,-“ განაცხადა თელავის გენდერისმედიაცენტრის დირექტორმა მაია მამულაშვილმა. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. კამპანია ტარდება პროექტის „თანასწორობა იგებს’’ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.