თუშეთს ინტერნეტი 1 ივლისს ექნება
როგორც knews.ge–ს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარე უჩა სეთურმა განუცხადა, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ინტერნეტი ექნება იმ სოფლებს, სადაც უფრო მეტი ადამიანია დასახლებული და გამოირჩევა საოჯახო სასტუმროების სიმრავლით. სეთურის ინფორმაციით, თუშეთში რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო სტრატეგიით ოპტიკური ქსელის მშენებლობა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.
„ამჟამად ქსელის ნაწილი კახეთიდან აბანოს უღელტეხილამდე მიყვანილია, მეორე ეტაპი კი ინტერნეტის ომალომდე მიყვანა იქნება. სექტემბრამდე თუშეთის უდიდესი ნაწილი ინტერნეტიზებული უნდა იყოს. წოვათის ხეობის გარდა, ინტერნეტით დაფარული იქნება ყველა ის სოფელი, სადაც მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობაა დასახლებული. ასევე გათვალისწინებულია ინტერნეტის მიწოდება იმ სოფლებისათვის, სადაც არ იჭერს მობილური ტელეფონი. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ე.წ. „საჰაერო” (Air Fiber), იგივე რადიოქსელის გამოყენებას“, – განუცხადა knews.ge–ს უჩა სეთურმა.
მისივე თქმით, ინტერნეტის ღირებულება იქნება ისეთივე, რაც თელავშია.
„დაშორების მიუხედავად, საბაზისო პაკეტი დაახლოებით 30 ლარამდე ეღირება. მისი ფასი იქნება ის, რაც თელავშია. დაბალი ფასი განპირობებულია იმით, რომ თელავში ადგილობრივი ოპერატორი “ფრინეტი”, პრაქტიკულად, უსასყიდლოდ გვაძლევს ანძაზე ადგილს, ელექტროენერგიას, ლოკაციის ფართსა და ტექნოლოგიურ კონსულტაციას“, – აღნიშნა სეთურმა.
თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტი დააფინანსა ISOC Internet society -ის ევროპულმა ფილიალმა, რომელმაც 40 ათასი დოლარი გამოყო.