ლევან დავითაშვილი – წელს ქართული ღვინის ექსპორტი რეკორდული იქნება
ლევან დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი 60 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.
“ეს მაჩვენებელი რეკორდული იქნება, რამდენადაც 2014 წელს 60 მლნ ბოთლი გაიყიდა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, წელს ეს რაოდენობა 60 მლნ ბოთლს გადააჭარბებს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ითმეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. მისივე თქმით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%- ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც უმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი აქტიურად დაიწყო და წლის ბოლოსთვის ველოდებით ქართული ღვინის ექსპორტის რეკორდულ ზრდას “ – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სამანიშვილმა.