დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მიმართავს
,,სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის, ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე, ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია. მშობლებმა ბავშვების შებინდებისას გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.
იმნაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ურჩევს, რომ ცხოველები სპეციალური საშუალებებით დაამუშავონ.
,,მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ ადამიანებმა სხეული კარგად უნდა დაათვალიერონ, თუ აღმოჩნდა ტკიპა, დროულად უნდა მოიშორონ. ხელით მოშორება არ შეიძლება, შესაძლებელია პინცეტით ამოღება, რათა ფეხები კანში არ ჩარჩეს. აღნიშნული მონაკვეთი უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით და შემდგომ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, სპირტით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ანტი ალერგიული მალამოს გამოყენება”, – განმარტავს იმნაძე.
პაატა იმნაძე ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობას წყლის დიდი რაოდენობით მიღებასაც ურჩევს.