კახელი ფერმერები ატამს მიზერულ ფასადაც ვერ ყიდიან
„ვერ ვიღებთ იმ თანახასაც კი, რაც დახარჯული გვაქვს. 20 000 დოლარი მაქვს ბანკის ვალი, მაგრამ ვერ ვყიდი. 25 ლარი ღირს მუშა. საჭმელიც უნდა აჭამო და ეს ხარჯი ცალკეა“, – განუცხადა knews.ge–ს ქუჩო ჭიღლაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 1 კილოგრამი ატმის ფასი 20-დან 30 თეთრამდე მერყეობს. ისინი აზერბაიჯანისა და რუსეთის ბაზრების გახსნისა და საბაჟო პუნქტებზე რეალიზატორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. საზღვარზე ხილისა და ბოსტნეულის განბაჟების ღირებულება აზერბაიჯანის მხარემ გაზარდა, რის გამოც ატმის ექსპორტი შეწყდა. ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებას სთხოვენ.
,,1 კილოგრამ ატამს 30 თეთრადაც ვერ ვყიდი. ან რა აზრი აქვს მის გაყიდვას?ადრე აზერბაიჯანიდან შემოდიოდნენ და მიჰქონდათ ატამი. ეხლა აკრძალეს. ასე როგორ შეიძლება. ალიევმა გადაუკეტათ საბაჟო. აზერბაიჯანელები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, იქით აღარ გადადიან. ჩვენმა მთავრობამ ხომ უნდა გააკეთოს რაღაცა. უნდა დაუშვან, რომ შემოვიდეს აზერბაიჯანის მანქანები, რათა ჩვენი ატამი წაიღონ“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას გიული მანიაშვილი.
ექსპერტები ატმის რეალიზაციის ხელისშემშლელ ფაქტორად საკონსერვო ქარხნის არარსებობასა და სამაცივრე მეურნეობების სიმცირეს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზ სულხანიშვილი მიიჩნევს, რომ სამაცივრე პირობებში პროდუქციის შენახვის პრობლემა საბოლოოდ მისი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„ყურძნისგან განსხვავებით, სამწუხაროდ არ არსებობს ატმის გადამამუშავებელი საწარმო. ატამი მალფუჭებადია, ამიტომ საჭიროა მისი კურკამდე გაყინვა და შემდეგ რეალიზაცია. არ გვაქვს სამაცივრე მეურნეობები. სამაციცრე შენახვის დროს კონტროლდება ტემპერატურა და ტენიანობა, რათა პროდუქტი ხანგრძლივად იყოს შენახული და ამის შემდეგ განხორციელდეს პროდუქტის რეალიზაცია“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ნიკოლოზ სულხანიშვილი.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ატმის წარმოებისათვის რეგიონში კარგი კლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგებია, თუმცა პროდუქციის რეალიზაცია და ექსპორტი დარგის მთავარი პრობლემაა. PMC კვლევითი ცენტრის ექსპერტი, ირაკლი კოჭლამაზაშვილი ატმის ექსპორტის ერთ-ერთ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს უკავშირებს დარიალის ხეობაში რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვას, რაც, მისი შეფასებით, აჩერებს ატმის ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზარზე გატანას. კოჭლამაზაშვილი პროდუქციის რეალიზაციის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევს ატმის კოოპერატივებში ფერმერების გაერთიანებას.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაიწყო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა, ჩვენ ვერ ვნახეთ ატმის კოოპერატივი. ჩვენი ერთ–ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ფერმერები გაერთიანებულიყვნენ ატმის შეგროვების, გასაღების, მარკეტინგისა და გადამუშავების მიმართულებით“, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი კოჭლამაზაშვილმა.
ექსპერტები, ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ბაზრის დივერსიფიკაციაზე, რათა ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ძნელად პროგნოზირებადია და მაღალ მარკეტინგულ რისკებს შეიცავს.