ახალი ამბები

კახეთში მიწის რეგისტრაციის რეფორმის მეორე ეტაპი იწყება

რეესტრის ინფორმაციით, სისტემური რეგისტრაციების საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომლის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ გეორგაფიულ არეალებში სრულად დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. 
მთავრობის დადგენილებით, საპილოტო პროექტისთვის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით, კახეთში შეირჩა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არბოშიკი და არხილოსკალო, საგარეჯოს რაიონის სოფელი მზისგული. ამ დასახლებებში საპილოტო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეები საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, მარტივად და უფასოდ შეძლებენ. 
როგორც knews.ge-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მიწის რეგისტრაციის მეორე ეტაპის ფარგლებში მოქალაქეებს თანხის გადახდა არ მოუწევთ. 
„საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. 
საპილოტო პროექტის განხორციელების შედეგად შემუშავდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც სახელმწიფოს სასოფლო-სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებასა და სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება“, – განუცხადეს knews.ge-ს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ახორციელებს. 
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და ორ ეტაპად ხორციელდება.