პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება
ერთჯერადად, 6-წლიანი ვადის შემოღება კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში აისახება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახისძის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ამოქმედდება და ის 2024 წლიდან შედის ძალაში, ხოლო პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლისათვის უნდა ჩატარდეს, გასათვალისწინებელია ვადის ერთი წლით გახანგრძლივება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის.
,,პრეზიდენტის არჩევის ვადა მნიშვნელოვანია. ამას ჩვენი პარტნიორები პარლამენტის არჩევის წესს უკავშირებენ. მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ, პოლიტიკურადაც უფრო მეტად იქნება დაბალანსებული საარჩევნო კოლეგია. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ასეთი ჩანაწერი გარდამავალ დებულებებში ავსახოთ. მოგვიწევს პრეზიდენტის ვადის გადაწევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.