მუსლიმებმა რამაზან ბაირამობის დღესასწაული აღნიშნეს
თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მუსლიმებმა დილით სოფელ ყარაჯლის მეჩეთში რამაზან ბაირამის ლოცვა აღასრულეს. მუსლიმებს დღესასწაული თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა, გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელმა და კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილე ირაკლი შიოშვილმა მიულოცეს. როგორც knews.ge–ს სოფელ ყარაჯალაში გამგებლის წარმომადგენელმა შალვა ახმედოვმა განუცხადა, დღესასწაულის ფარგლებში სოფლის ცენტრში კონცერტი გაიმართა.
“მოწყალების, წყალობის, შეყვარების, ურთიერთდახმარების თვე დასრულდა. ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ სოფელში და ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცეს რამაზანის დღესასწაული. სოფლის ცენტრში იყო კონცერტი და მუსიკალურმა ანსამბლებმა შეასრულეს როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული სიმღერები”, – განუცხადა knews.ge–ს შალვა ახმედოვმა.
რამაზან ბაირამს მუსლიმები ისლამური მთვარისეული კალენდრის მეცხრე თვეს აღნიშნავენ. რამაზანის დღესასწაულზე მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.
დღესასწაულს წინ უძღვის 30 დღიანი მარხვა, რიმლის დროსაც განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მოხუცებს, ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებსა და ფეხმძიმეებს უფლება აქვთ მარხვა დაარღვიონ და წელიწადის სხვა დროს აანაზღაურონ.