კახურმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები მიიღო
საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც knews.ge–ს ყველაძემ განუცხადა, კონკურსი „GALICJA VITIS“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. მოპოვებული ოქროს მედლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. აღსანიშნავია, რომ კონკურსს წელს პირველად დაემატა კატეგორია: ქვევრის ღვინო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში“ – განუცხადა knews.ge–ს თამთა ყველაიძემ.
მისივე ინფორმაციით, კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყნის 25 სპეციალისტი, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასეს.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS. კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით გაიმართა. 2016 წელს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და Galicja Vitis-ს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ქალაქ იასლოს ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან.