რძის ფხვილისგან დამზადებული ყველი და კარაქი აღარ გაიყიდება
დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. ცვლილებები შეეხეო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას.
„აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% – ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინი – „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, რძის ცხიმის გარდა“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ბიზნესოპერატორი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 400 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით, 1 წლის განმავლობაში ჩადენილი ქმედება კი 1200 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც knews.ge–ს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განუცხადა, ცვლილების განხორციელება განაპირობა რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის მასიურმა წარმოებამ, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს.
„1 ივლისიდან დასახლება ყველა დაერქმევა იმ პროდუქციას, რომელიც დამზადებული იქნება ნატურალური რძისგან და რძის ფხვნილზე საუბარი არ იქნება. ეს ცვლილება მიმართულია მომხმარებელთა ინტერსების დაცვისკენ. ეს ცვლილება განაპირობებს კეთილსინდისიერ მეწარმეთა ინტერესების დაცვასაც. ეს გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს შეუწყობს მეცხოველეობის განვითარებას“, – განუცხადა Knews.ge–ს ზურაბ ჩეკურაშვილმა.
საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებს. ანა მიქაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობს არა მარტო გადამამუშავებელი ინდუსტრიის, არამედ მცირე წარმოების განვითარებას.
„გლეხს რძის რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. ყველს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, დაერქმევა, რომ უნდა იწარმოებოდეს რძისგან. ეს ცვლილება მნიშვნელოვანია როგორც მცირე მეწარმეებისათვის, ისე გადამამუშავებელი საწარმოებისთვის“, – აღნიშნა knews.ge–სთან საუბრისას ანი მიქაძემ.
საწარმო „ცივის ყველის“ დირექტორი გოჩა ღაღაშვილი კი საუბრობს ცვლილების შემდეგ რძის საწარმოების საქმიანობის მკაცრი კონტროლის აუცილებლობაზე.
“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ცვლილება აქამდეც უნდა განხორციელებულიყო. აღდგენილ რძეს რომ დაემატება მცენარეული ცხიმი, იმისგან რა ყველი უნდა დამზადდეს. მთავარია რომ შემდგომში მკაცრად გაკონტროლდეს და ის საწარმო, რომელიც რძის ფხვილისგან აწარმოებს კარაქს ან ყველს, უნდა დაჯარიმდეს და ეს ცვლილება მხოლოდ ფურცელზე არ უნდა დარჩეს“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას გოჩა ღაღაშვილი.