გურჯაანში შშმ პირები ჩურჩხელებს ამზადებენ
შშმ პირებს აქვთ საკუთარი ბრენდი „გადასარევი ჩურჩხელები“. პროდუქციის დამზადებაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“ ეხმარება. როგორც knews.ge–ს ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერმა გიორგი ლიპარიშვილმა განუცხადა, „ხელი ხელს“ პატარა მიწის ნაკვეთზე გაშენებული აქვს ვენახი, სადაც მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული წვენით ჩურჩხელებს ამზადებენ.
„გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩურჩხელებს სეზონურად ამზადებენ. მათ მიერ დამზადებული ჩურჩხელა გემრიელია და ამავე დროს ეკოლოგიურად სუფთაა. ბადაგში გამორიცხულია შაქრის, წყლის შერევა“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ლიპარიშვილმა.
ჩურჩხელები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ლიპარიშვილი ამბობს, რომ ჩურჩხელების რეალიზაცია სოფლის მეურენეობის პროდუქციის გამოფენებსა და ფესტივალებზე ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის
ყიდვა მსურველებს ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ. ჩურჩხელების ფასი, რომელიც ზომის მიხედვით განისაზღვრება, 1- დან 3 ლარამდე მერყეობს და ზომის. ბენეფიციარები შეკვეთებს ძირითადად წინასაახალწლო პერიოდში იღებენ.
„ჩურჩხელები ძირითადად იყიდება გამოფენებსა და ფესტივალებზე. პროდუქციის ყიდვის მსურველებს ჩურჩხლის შეკვეთა ჩვენი ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდის მეშვეობითაც შეუძლიათ. ერთჯერადად მინიმუმ 10 ჩურჩხელა მაინც ნდა შეუკვეთონ. ესაა სოციალური აქტივობა, რომელიც ადამიანების თანასწორ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს. ასევე, ყველა მყიდველი ხდება ჩვენი სოციალური მომსახურების მხარდამჭერი“, – აღნიშნავს ლიპარიშვილი.
სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან 2011 წლიდან მუშაობს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას და დამოუკიდებლობის ხელშეწყობას.

