არასამთავრობოები – მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება მიუღებელი და გაუმართლებელია
მესამე სექტორის შეფასებით, მმართველი გუნდი ცდილობს შეიქმნას გარანტიები, რომელიც ხელს შეუწყობს უპირატესობის მოპოვებაში 2020 წლის არჩევნებზე.
„ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელია. მსგავსი მიდგომა აზრს უკარგავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება და კონსენსუსზე დამყარებული კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაინტერესებული მხარეების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე და მათი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ერთპიროვნულად, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალა გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე სხვა შენიშვნებთან ერთად მიუთითებს ქალთა წარმომადგენლობის ნაკლებობას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რაც სისტემის ნეგატიური ფაქტორია:
„მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხელს არ უწყობს ქალთა არჩევას პარლამენტში. საპარლა¬მენტო არჩევნებში ქალებმა მაჟორიტარული სისტემით მანდატების მხოლოდ 9.5% მიიღეს მაშინ, როდესაც ამომრჩეველთა 53% ქალები არიანპროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში შესაძლებელია სავალდებულო, დროებითი გენდერული კვოტების დაწესება პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქალების რაოდენობის გაზრდას პარლამენტში“, – განუცხადა knews.ge–ს მიხეილ ბენიძემ.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ მინიმალური ზღვარი, რომელიც პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად ესაჭიროება, 5–დან 3%–მდე დაიწევს.