დედოფლისწყაროში ახალი ქარსაფარი ზოლი გაშენდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, დეგრადირებულ 25 კილომეტრიან მონაკვეთზე 100 ძირი ხე დაირგო. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ქარსაფარი ზოლები აღდგა და გაშენდა ტყის კორომები. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრის, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორმა ლალი გოგინავას განცხადებით, ქარსაფარი ზოლების არსებობა აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დაცვისთვის, ასევე, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ფართობების გაუდაბნოების პრევენციისთვის. მისივე ინფორმაციით, არის რეგიონები, სადაც ქარსაფარი ზოლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ–ერთი დედოფლიწყაროა, სადაც განსაკუთრებით მეტი ქარსაფარი ზოლი გაიჩეხა.
,,ქარსაფარი ზოლების არსებობა ყველაზე მეტად საჭიროა ხეხილოვანი კულტურებისთვის. ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც არის და ქარისგანაც იცავს ნაკვეთებს, რადგან ქარისგან დამტვრეული ტოტებისა და დაზიანებული ხეების აღდგენას წლები სჭირდება. ხშირად 3-4-6-რიგიან ზოლებსაც აშენებენ, რაც მოსავალს უკეთესად იცავს. ნაკვეთის შიგნითაც შეიძლება ქარსაფარი ზოლის გაშენება”, – აღნიშნავს გოგინავა.
აგრონომების მტკიცებით, აგრარული სექტორის განვითარება ქარსაფარი ზოლის აღგენის გარეშე შეუძლებელია.