ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას დაამტკიცებენ
,,ადგილობრივ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ 200 ათასი ლარი, რომელიც ამ პროგრამების განხორციელებაზე იყო მიმართული. ადგილობრივი თვითმმართველობა მზად ვართ, გამოვყოთ სახსრები მსგავსი პროექტების მხარდაჭერისთვის. მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრჩეველთა საბჭოზე და საკრებულოზე გვაქვს გატანილი განსახილველად, ვაპირებთ, დავამტკიცოთ, რაც გახდება საფუძველი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისითვის“, – განუცხადა knews.ge–ს კახა ჯამბურიამ.
ლაგოდეხის განვითარების სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირის პროექტ ,,ENPARD-ის” ფარგლებში. სოფლის განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ რეგიონის პრიორიტეტების განსაზღვრა და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია. საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ინფორმაციით, ევროკავშირი მსგავსი პროექტების მხარდაჭერას 2 წლის განმავლობაში გააგრძელებს.
,,ლაგოდეხში ჩვენ მხარს ვუჭერთ 3 მიმართულების განვითარებას, ესენია სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა კომპლექსური მიდგომით, ტურიზმი და გარემოს დაცვა. მხარი დავუჭირეთ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან წამოსულ ინიციატივებს, რომლის განხორციელებაც სურდათ საკუთარ ქალაქში”, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას იანოშ ჰერმანმა.