სტატიები

ვეტერინარიის ხელშეყობის მიზნით ახალი პროექტი იწყება

დანელიას განცხადებით, ახალი პროექტი უზრუნველყოფს, რომ ქვეყანას, სადაც ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფესიის კადრების დეფიციატია, ჰყავდეს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის ვეტერინარი, რომელიც ამ მიმართულებით საერთაშორისო დონეზე განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. 
,,2010 წლამდე რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე, მოიცავდა ვეტერინარიას, თუმცა ამის შემდეგ სურათი შეიცვალა და ჩამონათვალს დააკლდა ვეტერინარია, რამაც სხვადასხვა ხასიათის ბევრი პრობლემა გამოიწვია. თუნდაც ის ფაქტი უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის დაავადებათა სამოცი პროცენტი სწორედ ცხოველთა დაავადებებიდან მოდის და საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა სწორედ ამ პროვოცირების შედეგად იღუპება. ქვეყანაში, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა, სტანდარტები არაა სათანადო დონეზე სწორედ იმის გამო, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია და რესურსი არ არის ქვეყანაში“, – განაცხადა დანელიამ. 
მისივე თქმით, სწორედ ამან განაპირობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების გადაწყვეტილება, რათა კანონის მოთხოვნები უკვე მომავალი სასწავლო წლიდან დაინერგოს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 43 წლის ეკა ბუზარიაშვილი 18 წელია ვეტერინარია. ბუზარიაშვილი ამბობს, რომ ეს საქმე მისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ის ფიქრობს, რომ ვეტერინარიის განვითარებისთვის დღეისთვის ბევრი პრობლემის მოგვარებაა საჭირო და ამავე დროს აუცილებელია ამ მიმართულებით ფერმერების ინფორმირების დონის ამაღლება.
,,იმისთვის, რომ მეცხოველეობის დარგი განვითარდეს, აუცილებელია საქმიანობაში სხვადასხვა ტექნოლოგიის შემოტანა და დანერგვა. ამ კუთხით გვჭირდება განვითარება, სიახლეების ფერმერებისთვის გაცნობა და ზოგადად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, თუ რამდენად საჭიროა გამოცდილი ვეტერინარის მუშაობა სოფელში. ჩემი აზრით, ყველა სოფელს უნდა ჰყავდეს გამოცდილი ვეტერინარი, რომელიც დაეხმარება ფერმერებს. დღესდღეობით კარგ ვეტერინარზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა ის კადრები, რომლებიც ამ სფეროში არიან, საკმარისი არ არის. ამ კუთხით საკანონდებლო ბაზაც დასახვეწია’’, – განუცხადა knews.ge-ს ეკა ბუზარიაშვილმა.
ვეტერინარიის დარგში შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ დარგის ექსპერტებიც. ისინი განმარტავენ, რომ ვეტერინარიის მიმართულებით ისინი ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვალიფიციური კადრების სიმცირეს მიიჩნევენ. პროფესიული კოლეჯის პედაგოგი გიორგი გუგულაშვილი აცხადებს, რომ ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესიაზე ახალგაზრდების მხრიდან რამდენიმე წელია მოთხოვნა გაიზარდა. 
,,კოლეჯში რამდენიმე წელია არსებობს ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტის პროფესია. თეორიული სწავლების გარდა, ადგილზე გვაქვს მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები და თეორიის სწავლების შემდეგ ჩავდივართ და თანამედროვე ხელსაწყოებს ვიყენებთ უკვე პრაქტიკის სასწავლებლად. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს უახლესი აპარატები და ხელსაწყოები, სწორედ ამიტომ ასეთი სწავლებით სტუდენტები არიან დაინეტერესებულები“, – განაცხადა გიორგი გუგულაშვილმა.
ახალი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი ოთარ დანელია იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ვეტერინარიის განვითარებას, დარგის პოპულარიზაციას და ამ პროფესიით ახალგაზრდების დაინტერესებას.