სტატიები

წინანდლის კასრში დავარგებული ვისკი ჩინეთის ბაზარზე გავიდა

კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებელი ჯიმშერ ჩხაიძე ამბობს, რომ ალკოჰულური სასმელი შოტლანდიური ტრადიციული ვისკის დამზადებისა და ქართული, სრულიად ახალი, უნიკალური დაძველების ტექნოლოგიების ნაზავია. ვისკი დავარგების მეორე ეტაპს გადის კასრებში, რომლებშიც წლების განმავლობაში ღვინო „საფერავი“ ინახებოდა. 
,,აღნიშნული მეთოდის გამოყენებით მივიღეთ სრულიად განსხვავებული არომატისა და გემოს მქონე ვისკი ქართული აქცენტებით”, – განუცხადა knews.ge-ს ჯიმშერ ჩხაიძემ.
მეწარმე ამბობს, რომ პირველი ქართული ვისკი არის ახალი პროდუქტი საქართველოს ალკოჰოლურ ბაზარზე.
,,დამერწმუნეთ, ვისკის დაგემოვნების შემდეგ ნახავთ, რომ სითხე არის ქართული აქცენტის, ინდივიდუალობით გამორჩეული. მე ავირჩიე ეს გზა, დაიბადა თამამი იდეა, რომელიც განვითარდა და ამ პროდუქტით შევიტანე განაცხადი ვისკის სამყაროში”, – ამბობს ბიზნესმენი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირველი ქართული ვისკის შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი.
,,განსაკუთრებული სახეობის ქართული მარცვლეულითა და მსოფლიოს საუკეთესო ტრადიციებით დამზადებული უმაღლესი ხარსისხის ვისკი, დავარგების მეორე ეტაპს გადის მუხის კასრებში, რომლებშიც წლების განმავლობაში ღვინო საფერავი და ქართული ბრენდი (კონიაკი) ინახებოდა. ამგვარად საბოლოო პროდუქტი იძენს განუმეორებელ გემოსა და არომატს, რომლითაც ვისკის გურმანები ყოველთვის შეძლებენ ქართული პროდუქტის გამორჩევას. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ეს არის ღირსეული პროდუქტი, რომელიც თავის ადგილს დაიკავებს ვისკის სამყაროში, რადგან სწორი კონცეფციით არის შექმნილი და არის საინტერესო. ინგლისის რამდენიმე სერიოზული სასტუმრო დაინტერესდა ქართული ვისკით. ჩვენი ამბიციაა, რომ სადაც ვისკის ბაზარია, „ჯიმშერი“ ყველგან უნდა წარსდგეს ამ სახით”, – აღნიშავს ჩხაიძე.
სომელიე ერკინ ტუზმუხამედოვი, რომელმაც ვისკი წინანდალში დააგემვონა, ამბობს, რომ სასმელი ვისკის ბაზრისთვის საინტერესო გახდება. ბიზნესმენის განცხადებით, შემდეგი ეტაპი პროდუქციის ექსპორტზე გატანა იქნება. 
,,პროდუქტის ანონსის შემდეგ, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი უკვე დაგვიკავშირდა და მათთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. გვჯერა, რომ სწორი მუშაობის შედეგად, რამდენიმე წელში Jimsher ცნობილი სავაჭრო მარკა გახდება და მაღალი ხარისხით მიღწეული რეპუტაციით ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ბაზარზე”, – აცხადებს ბიზნესმენი.
კომპანია აწარმოებს სამი სახეობის ქართულ ვისკს: ტრადიციული საფერავის კასრში ნამყოფი; წინანდლისა და ქართული ბრენდის კასრში დავარგებული ვისკი.