ვიდეორეპორტაჟი

სომხეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებამ წვლილი შეიტანა მოსაზღვრე რეგიონების განვითარებაში და სარგებელი მოუტანა ადგილობრივ თემებს.
საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციამ სომეხ კოლეგებთან ერთად მეტყვეობის მიმართულებით განახორციელა პროექტი, რომლის ფარგელბშიც თემში მცხოვრებ მოსახლეობას ტყის მდგრადი მართვის, მზის ენერგიის, მიწისა და სხვა საკითხების შესახებ ჩაუტარდა სემინარები.
,,პროექტის ხელშეწყობით და ერთობლივი მუშაობით ჩვენ დავანახეთ მოსახლეობას რამდენად მნიშვნელოვანია მზის კოლექტორების გამოყენება. გარდა ამისა, შევისწავლეთ და სხვებსაც ვასწავლეთ შენობების ენერგოაუდიტის ჩატარება, თბოიზოლაციის გაკეთება, ტყის მოვლა–მოყვანა, მიწის ეროზიისგან დაცვა და სხვა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ ხილის საშრობები და ვაშრობთ რამდენიმე სახეობის ხილის ჩირს და ბოსტნეულს, რომელიც შემდეგ სუნელის ან დამატებითი ინგრედიენტის სახით გამოიყენება კერების მომზადებისას. ეს მიმართულება ორივე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბევრი ხილი მოდის. ვფიქრობ, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება’’,– განუცხადა knews.ge–ს ნუგზარ თათეშვილმა.
ბოლნისის ენის სახლის დირექტორი ირმა ზურაბაშვილი ამბობს, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელება ორი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების დაახლოებასა და ერთმანეთთან დამეგობრებას უწყობს ხელს.
,,პროექტი ორ ქალაქში – ბოლნისში და სომხეთის ქალაქ გიუმრიში მიმდინარეობდა ერთდროულად. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სახის ღონისძიება: ინტერკულტურული დიალოგი, გვქონდა ასევე ეთნოგრაფიის, ხატვის, ფოტოშოპის და ა.შ. გაკვეთილები. 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი პროექტი და ამ პერიოდში ჩვენ ერთობლივად შევძელით შეგვექმნა 10 ანიმაციური ფილმი, რომელიც ბავშვებმა თავად დახატეს, მისცეს ფორმა და ააწყეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარის ბავშვები დამეგობრდნენ და ერთმანეთის კულტურა გაიცნეს.’’
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის მიმართულებით სხვადსახვა ღონისძიება ჩატარდა. კავკასიური ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, მარინა მეტრეველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და საზღვრისპირა ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი თვიმმართველობის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.
,,ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდა სამცხე–ჯავახეთის და სომხეთის ქალაქ ვანაძორთან ერთობლივი მუშაობით. პროექტის ფარგლებში ბორჯომთან ახლოს გაიხსნა ველო და სასოფლო ტურიზმის ცენტრი, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის არის საზღვრისპირა რეგიონების ტურიზმის განვითარებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ–ერთი მოწინავე პროექტი, იმიტომ რომ ჩვენ შევქმენით მატერიალური ბაზა. ვფიქრობთ, რომ მომავალში მოხდეს კიდევ უფრო მეტად განვითარება და მხარდაჭერა ამ პროექტის, ამისთვის აუცილებელია თვითმმართველობის თანადგომა და მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.’’
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა 2015 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სომხეთის სამ მაზრაში –ლორში, შირაქში, ტავუშში და საქართველოს ორ რეგიონში – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში 9 პროექტი დაფინანსდა. პროექტის მიზანია ადგილობრივი და რეგიონული სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება.
,,პროგრამა არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და ჩვენი კომპანია GIZ ეხმარებოდა ადგილობრივ ორგანიზაციებს პროექტების განხორციელებაში. სულ იყო 9 სხვადასხვა პროექტი, ზოგიერთში ქართული ორგანიზაცია ლიდერობდა ზოგში კი სომხური ორგანიზაცია. ამ პროცესში საქართველოს მხრიდან 5 და სომხეთის მხრიდან 4 ლიდერი იყო ჩართული, სულ კი 30 პარტნიორი ორგანიზაცია გვყავდა’’, – განუცხადა Knews.ge–ს GIZ-ის პროექტის მენეჯერმა, ნატო ალხაზიშვილმა.
,,ეს არის ტრანსსასაზღვრო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრებზე მცხოვრები მოსახლეობის ურთერთდამეგობრებას. პროგრამა მოიცავს იმ ელემენტებს თანამშრომლობისა რომელიც დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებს შორის. პროგრამა დამყარებულია პარტნიორობაზე, ანუ ამ პროცესში აუცილებელია იყო ერთი ქართული და ერთი სომხური მხრიდან ყოფილიყო პარტნიორი, რაც წარმატებით განხორციელდა’’,– განუცხადა knews.ge-ს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ხელმძღვანელმა ერიკას ანკაუსკასმა.
სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, აღნიშნულმა საგრანტო პროექტებმა საქართველოს და სომხეთს მთავრობას და სათემო ორგანიზაციებს თანამშრომლობის გაღრმავების, საერთო გამოწვევების და სასაზღვრო ტერიტორიების განვითარების პოტენციალის მიზნების დადგენის ახალი შესაძლებლობა მისცა.
,,ამ პროცესში ორი რამ არის მნიშვნელოვანი: ერთი ის, რომ ახალი პროექტები ხორციელდება, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის და მეორე, ბუნებრივია გვჭირდება ჩვენს მეზობლებთან გვქონდეს კარგი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, ერთობლივი პროექტები კი ძალიან კარგად უწყობს ამას ხელს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს’’,– განუცხადა knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მანტკავამ.
,, პროექტი აღმოჩნდა ეფექტური იმ თვალსაზრისით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ უფრო სწრაფად ვიმუშავეთ, და ეს შეიძლება წარმატების ისტორიად ჩაითვალოს. პროექტების შედეგების მიხედვით კი კარგად გამოჩნდა რომ ამ ორგანიზაციებს, არასამთავრობო და სათემო ლიდერებს აქვთ მომავალი თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი’’,– განუცხადა knews.ge-ს პროექტის მოწვეულმა ექსპერტმა ლანა ღვინჯილიამ.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის გუნდის და პროგრამის მმართველი ორგანოს GIZ-ის მიერ, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციის და განვითარების სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის მთავარი (EaPTC) მიზანია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, ბელორუსსა და უკრაინას სასაზღვრო რეგიონებს შორის მდგრადი ტერიტორიული თანამშრომლობის ხელშეწყობა ტურიზმის, კულტურის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით.