ვიდეორეპორტაჟი

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი კახეთში

ENPARD-ის საკომუნიკაციო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად ადგილზე გაეცნენ ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასა და შედეგებს.
ენპარდის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის თამარ ხუნწარიას განცხადებით, პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. 
,,ENPARD-ის მეორე ფაზა მოიცავს ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოციალური და მუნიციპალური სერვისები, ასევე, მოსახლეობის ჩართულობისა და მათი თანამონაწილების საკითხები. მედია ტურის ფარგლებში გავეცანით ენპარდის საქმიანობას კახეთში. მოვინახულეთ ევროკავშირის, კერძოდ, ენპარდის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო და ასევე, სოფლის განვითარების პროექტები. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში მიმდინარეობს 2013 წლიდან. ენპარდის მეორე ფაზა საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია,“ – განუცხადა Knews.ge-ს ხუნწარიამ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერის ჯუბა მარუაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე 10 პროექტია დასრულებული.
,,ჩვენი პროექტი ლაგოდეხში მეორე წელია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში უკვე განსაზღვრულია სტრატეგიული მიმართულებები. ამ ეტაპზე მხოლოდ მასშტაბური ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორიცაა მაგალითად კულტურის სახლისა და არხის რეაბილიტაცია და სოციალური ტიპის პროექტები. სექტემბრისთვის დასრულდება 31 პროექტი და ინტენსიური მონიტორინგის ფარგლებში გავზომავთ მიღებულ შედეგებს, როგორც დასაქმების, ისე ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების კუთხით. ჩამოყალიბდა ,,ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი “ლაგი”, რომლის დახმარებით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის მაქსიმალურად თანამშრომლობა და ჩართულობა მოხერხდა. მოვამზადეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც 2016–2020 წლებზეა გაწერილი, მოიცავს ყველა მიმართულებას. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენლისთვის საინტერესო დოკუმენტია და ასახავს, თუ რა გზით უნდა ვითარდებოდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი“, – განუცხადა Knews.ge-ს მარუაშვილმა.

ევროკავშირის დახმარებით ჩამოყალიბდა 1500-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც 13 000-ზე მეტ ფერმერს აერთიანებს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში არსებული კოოპერატივი ,,საბას“ ერთ–ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე სოლოღაშვილის თქმით, კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოების ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკის გაძლიერებას. 
,,მეხილეობის კოოპერატივი 2 წლის წინ შევქმენით. თავდაპირველად ვიყავით 4, ახლა ვართ 24 წევრი. მოგვყვავს ვაშლი, ატამი, ბალი, ალუბალი, გვაქვს ვენახი, თხილის პლანტაციები და სხვა მრავალწლიანი კულტურები. ევროკავშირმა ტექნიკური დახმარების თვალსაზრით შეგვიძინა 50 ცხენის ძალის ტრაქტორი და სხვადახვა სახის 5 მისაბმელი. პროექტის რაოდენობამ შეადგინა 55 ათასი ლარი. აქედან 37 ათას 500 ლარი იყო ევროკავშირის თანხა, ხოლო 17 ათას 500 ლარი კოოპერატივის ფულადი თანამონაწილეობა. ჩვენთვის ეს დახმარება მნიშნელოვანია. ევროკავშირის დახმარებით ტრენინგებიც გვიტარდება“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას სოლოღაშვილი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად ლაგოდეხის განვითარების ჯგუფმა სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა, ადგილობრივი ხელისულუფლების სამოქმედო გეგმა იქნება. 
,,ადგილობრივ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ 200 ათასი ლარი, რომელიც ზუსტად ამ პროგრამების განხორციელებაზე იყო მიმართული. ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსგავსი პროექტების განხორციელებას გააგრძელებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. ადგილობრივი თვითმმართველობა მზად ვართ, გამოვყოთ სახსრები მსგავსი პროექტების მხარდაჭერისთვის. მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრჩეველთა საბჭოზე და საკრებულოზე გვაქვს გატანილი განსახილველად, ვაპირებთ, დავამტკოცთ რაც გახდება საფუძველი ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისითვის“, – განმარტავს ჯამბურია.

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა, როგორც სოფლის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. 
,,ლაგოდეხში ჩვენ მხარს ვუჭერთ 3 მიმართულების განვითარებას, ესენია სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა კომპლექსური მიდგომით, ტურიზმი და გარემოს დაცვა. ლაგოდეხში ჩვენ მხარი დავუჭირეთ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან წამოსულ ინიციატივებს, თუ რისი განხორციელება სურდათ საკუთარ ქალაქში. ჩვენ, ასევე, შეგვაქვს ჩვენი წვლილი და მხარს ვუჭერთ კოოპერატივების განვითარებასა და გაძლიერებას საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩვენი მხარდაჭერით 1500–მდე კოოპერატივი შეიქმნა. ჩვენ ადგილობრივ დონეზე კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისთვის გავარძელებთ მხარდაჭერას. გვინდა, რომ კოოპერატივებს ჰქონდეთ მდგრადი განვითარების ხედვა. ჩვენ, ასევე, გვინდა, რომ გავაგრძელოთ სოფლისა და სოფლის მეუნეობის კუთხით რეგიონში არსებული პროექტების მხარდაჭერა“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ელჩის შეფასებით, ვიზიტის ფარგლებში მონახულებული ENPARD-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, სოფლის განვითარების ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილი სათბურები, დენდროლოგიური პარკი და ლაგოდეხის ლიტერატურული კაფე მნიშვნელოვანი შედეგია. ვიზიტის დასასრულს ელჩი დაჯილდოვდა „ლაგოდეხის მეგობრის“ საპატიო სტატუსით. 

ენპარდის საინფორმაციო მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ ხუნწარიას ინფორმაციით, ENPARD-ის მესამე ფაზა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, სოფლის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს.