მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.acda.gov.ge) ორი დღის წინ გამოცხადდა და 1 ივლისამდე გაგრძელდება.
”პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით. იმ კოოპერატივს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები, კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით”, – განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.
კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ შემოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში.
,,მონაწილე ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით. სამინისტროს განმარტებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში”,- განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.