სავალდებულო გენდერული კვოტირების მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერები შევიდა
საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და განსხვავებული სქესის ყოველი მეორე კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატი იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატმა მიიღოს.
საკანონმდებლო ინიციატივით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფმა „Task Force“ წინა მოწვევის პარლამენტსაც მიმართა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მაშინ ეს საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონა, თუმცა იურიდიულმა კომიტეტმა არ განიხილა და სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა ჩააგდო.